Wednesday, February 15, 2012

„კაროცერია ტურინგ სუპერლეგარა“ ჟენევაში კონცეპტქარს წარადგენს

Carrozzeria Touring Superleggera preparing new Disco Volante concept for Geneva
15 თებერვალი
ამ კომპანიამ სახელი 1950-იან წლებში გაითქვა, როდესაც სპორტული ავტომობილი C52 დაამზადა. ეს იყო „ალფა რომეოს“ სპორტულ მოდელ 1900-ის ბაზაზე შექმნილი კუპე, რომელსაც დამახასიათებელი გარეგნობის გამო, მეტსახელად „მფრინავი თეფში“ (დისკო ვოლანტე) შეარქვეს. „კაროცერიამ“ სულ ოთხი ცალი „დისკო ვოლანტე“ დაამზადა, რამაც ეს ავტომობილი კოლექციონერთა სასურველ საკბილოდ აქცია.

ასეთი წარმატებული ძარის შექმნის მიუხედავად, „კაროცერია ტურინგ სუპერლეგარა“ მალევე ჩაბარდა ისტორიას, მაგრამ რამდენიმე წლის წინ აღადგინეს და მაშინვე რამდენიმე საინტერესო პროექტი განახორციელა. მათ შორის, „გუმპერტ ტორნანტე“ და „მაზერატი A8 GCS“, ასევე „ბენტლი კონტინენტალ ფლაინგ სტარი“ და „მაზერატი კვატროპორტე ბელაჯო ფასტბეკი“.
და აი, ახლიდან დაბადებული „კაროსერია“ მალე ისევ გაგვაკვირვებს - ჟენევის მოტორ შოუსთვის, ატელიეს კონცეპტუალური ავტომობილი მოუმზადებია, სახელად „დისკო ვოლანტე“. როცა ძველი „დისკო ვოლანტეს“ ფოტოს და ახალი კონცეპციის ესკიზებს შეხედავთ, მიხვდებით, რატომაც გაიხსენეს ძველი სახელი. ახალი ავტომობილი, ძველის თანამედროვე ინტერპრეტაციაა და როგორც ჩანს, ძალიან კარგად შესრულებული...
თანაც, კონცეპტუალური „მფრინავი თეფში“ ისევ „ალფა რომეოს“ ავტომობილზე - „8C კომპეტიციონეზეა“ ბაზირებული, რომელიც 1900-ის მსგავსად, მილანური კომპანიის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ავტომობილია. ასე რომ, თუ ბაზისად „კომპეტიციონე“ აიღეს, აღჭურვილობაც მისი უნდა გამოეყენებინათ. ეს კი ნიშნავს, რომ „დისკო ვოლანტე“ 4.7-ლიტრიანი V8 ძრავით უნდა იყოს აღჭურვილი, რომელიც 450 ცხენის ძალას ავითარებს. ძრავს კი რობოტიზებული ტრანსმისია დაუკავშირდება, რომლის საფეხურებიც საჭის რგოლის უკან მოთავსებული ბერკეტებით იცვლება.
მოკლედ, დღესვე შეიძლება ითქვას, რომ ჟენევის ავტო რანდევუს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი, ახალი „დისკო ვოლანტე“ გახდება...

No comments:

Post a Comment