Bentley expects 25,000 sales for new SUV
1 მარტი
გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპთან“ საუბრისას, „ბენტლის“ მთავარმა აღმასრულებელმა ვოლფგანგ დურჰაიმერმა დაადასტურა, რომ მისი კომპანია უგზოობის ავტომობილის წარმოებას აპირებს, რომელიც ბაზარზე მისი ყოფნის ერთი ციკლის განმავლობაში, 25 000 ცალი უნდა გაიყიდოს.
ინგლისური კომპანია, რომელიც „ფოლკსავაგენის“ ჯგუფის წევრია, უგზოობის ავტომობილის კონცეპტუალურ ვერსიას ჟენევის მოტორ შოუზე წარადგენს. და თუ „ფოლკსვაგენი“ პროექტს მწვანე შუქს აუნთებს, ამ ავტომობილის წარმოება სამ წელიწადში დაიწყება. შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, ამ წლის ბოლოსაა მოსალოდნელი.
ამჟამად, „ბენტლის“ სამოდელო გამა მხოლოდ ორ ავტომობილს - „მულსანს“ და „კონტინენტალს“ მოიცავს. უგზოობის ავტომობილი მესამე გახდება. დურჰაიმერი ვარაუდებს, რომ მისი წლიური გაყიდვები 3.5-5 ათასს მიაღწევს. ამასთან, აუცილებლად გამოუშვებენ მის პლაგ-ინ ჰიბრიდულ მოდიფიკაციას.
განვითარებად ბაზრებზე (როგორიცაა ჩინური ბაზარი) არსებული მოთხოვნის გამო, ულტრა ლუქსის და სუპერ ავტომობილების სულ უფრო მეტი მწარმოებელი იწყებს უგზოობის მოდელების გამოშვებას. ამ საქმეში პიონერი „პორშეა“. მალე კი მას „მაზერატი“, „ბენტლი“ და „ლამბორგინიც“ (რომელიც ასევე ფოლკსვაგენის ჯგუფში შედის) კი შეუერთდებიან. ეს უკანასკნელი თავის უგზოობის კონცეპტუალურ მოდელს მალე პეკინის ავტო შოუზე წარადგენს. „მაზერატიმ“ კი კონცეპტუალური „კუბანგი“ ფრანკფურტის შარშანდელ გამოფენაზე გვიჩვენა.
სხვათა შორის „პორშე კაიენის“ შემუშავებას სწორედ დურჰაიმერი უძღვებოდა. მაშინ ის „პორშეს“ კვლევისა და განვითარების ცენტრის შეფი იყო. „ბენტლის“ უგზოობის ავტომობილი სწორედ „კაიენის“ და „აუდი Q7-ის“ პლატფორმაზე აიგება.
No comments:
Post a Comment