Ford Debuts Frugal Fiesta ECOnetic with 85.6mpg UK or 3.3lt/100km in Europe
30 მარტი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ დაიწყო ახალი „ფიესტა ეკონეტიკის“ წარმოება, ავტომობილისა, რომელიც თავისი ეკონომიურობით, ჰიბრიდებსაც კი მისცემს ფორას. ეს ავტომობილი მხოლოდ ევროპული ბაზრისთვისაა განკუთვნილი. ის დიზელის 1.6-ლიტრიანი აგრეგატითაა აღჭურვილი, რომელიც 94 ცხენის ძალას და 205 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს.
ამ ავტომობილს საწვავის ძალიან მცირე ხარჯით გამოირჩევა. 100 კილომეტრის გასავლელად მას 3.3 ლიტრი დიზელი ჰყოფნის და ეს მისი მწარმოებლის კი არა, ევროპის საწვავის ეკონომიის სტანდარტების მონაცემებია. ამასთან, „ფიესტა ეკონეტიკი“ ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში მხოლოდ 87 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.
ცისფერი ოვალის ინჟინრებმა ასეთ ეკონომიურობას და სუფთა გამონაბოლქვს ძრავის და სხვა ნაწილების მოდიფიკაციის საშუალებით მიაღწიეს. მაგალითად, ძრავმა სპეციალური კალიბრაცია გაიარა, გადაცემათა კოლოფის საფეხურების გადაცემის რიცხვებს ოპტიმიზაცია ჩაუტარდა, დადაბლდა საკიდარი და ამგვარად, შემცირდა აეროდინამიკური წინააღმდეგობა.
გარდა ამისა, „ფიესტა ეკონეტიკი“, რომელიც „ფორდმა“ პირველად ფრანკფურტის შარშანდელ მოტორ შოუზე წარადგინა, ასევე აღჭურვილია სისტემა სტარტ-სტოპით, „საზრიანი“ რეგენერაციული დასამუხტით, ეკო რეჟიმის სისტემით და რეჟიმების გადართვის ინდიკატორით.
„ევროპაში „ფიესტა“ ისედაც ძალიან პოპულარული ავტომობილია, ტექნოლოგია „ეკოტეკის“ დახმარებით კი მისი ეკონომიურობა და ეკოლოგიურობა მნიშვნელოვნად უმჯობესდება, რაც ამ ავტომობილს კიდევ უფრო პოპულარულს გახდის. მომხმარებლები ყველაფერ ამას ისე მიიღებენ, რომ ავტომობილის დინამიურობა და ტექნიკური მახასიათებლები, რითაც „ფორდია“ განთქმული, არ გაუარესდება“, - ამბობს „ფორდ ოფ იუროპის“ მთავარი აღმასრულებელი სტივენ ოდელი.
ცისფერი ოვალი მიზნად ისახავს, რომ ევროპის ბაზარზე წელს გაყიდული ავტომობილების ნახევარი „ეკოტეკით“ იყოს აღჭურვილი. მერმისს ეს თანაფარდობა ორ მესამედამდე უნდა გაიზარდოს. ამერიკული კომპანიის მთავარი მიზანი კი ისაა, რომ 2006-2020 წლებში, მისი ავტომობილების გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის საშუალო შემცველობა 30 პროცენტით შემცირდეს.
No comments:
Post a Comment