VW May Start Selling MQB Platform to Other Carmakers after 2015
30 მარტი
როდესაც კომპანია 4 წელიწადს მოანდომებს და 60 მილიარდ ევროს (ოფიციალურ წყაროებში სწორედ ეს რიცხვი წერია) მოახმარს ერთადერთი, თუნდაც რევოლუციური უნივერსალური პლატფორმის შემუშავებას, ბუნებრივია, რომ თავისი სიახლის სხვებისთვის გაზიარებას არ ისურვებს და ამ ინვესტიციით, გაცილებით მეტი თანხის უკუგებას ეცდება.
სწორედ ეს დრო და ამდენი თანხა დახარჯა „ფოლკსვაგენმა“ სრულიად ახალი მოდულური პლატფორმის (MQB) შესამუშავებლად. ეს პლატფორმა იმითაა საინტერესო, რომ მას ადვილად ეცვლება არამხოლოდ ბორბლებს შორის ბაზა, არამედ ბორბლების კვალის სიგანე და აგრეგატების შეთანწყობაც. მის უნივერსალობაზე წარმოდგენა ადვილად შეგექმნებათ, თუ გეცოდინებათ, რომ მასზე შესაძლებელია როგორც სუბკომპაქტური „პოლოს“, ასევე საშუალო ზომის „პასატის“ და მათ შორის, სამოდელო გამაში არსებული ყველა ავტომობილის დამყნობა.
რაც მთავარია, ეს პლატფორმა ახალი ავტომობილების შემუშავებისთვისს აჭირო დროს და ინვესტიციებს ძლიერ ამცირებს, რაც საწარმოო დანახარჯების მკვეთრ შემცირებაში უნდა აისახოს. ამგვარად, ვოლფსბურგელთა და მათს ჯგუფში შემავალი კომპანიების პროდუქცია კიდევ უფრო კონკურენტული გახდება. და ისინიც ბაზარზე პოზიციებს მნიშვნელოვნად გაიმყარებენ.
პირველი ავტომობილი, რომელზეც ახალი მოდულური პლატფორმა გამოიყენეს, „აუდი A3-ია“. მას მალე მოჰყვება მეშვიდე თაობის „ფოლკსვაგენ გოლფი“ და სხვა ავტომობილები. საერთო ჯამში, ამ პლატფორმაზე, „ფოლკსვაგენი“ და მისი ჯგუფის კომპანიები ყოველწლიურად 6 მილიონი ავტომობილის წარმოებას აპირებენ.
ცნობისათვის, „ფოლკსვაგენისთვის“ გასული წელი არნახულად მომგებიანი გამოდგა. გერმანულმა ჯგუფმა 11.3 მილიარდი ევროს მოგება ნახა, ეს კი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 50 პროცენტით მეტია.
„ჩვენთვის შემდეგი ორი-სამი წელი ძალიან საინტერესო იქნება“, - ამბობს გერმანული ჯგუფის მმართველი საბჭოს წევრი მიხაელ მახტი, ვინც წარმოების საკითხებს ხელმძღვანელობს. „მალე ამ ინვესტიციებიდან უკუგების მიღებას დავიწყებთ. ამ ტექნოლოგიის შემუშავებაზე ძალიან დიდი ფული დავხარჯეთ, თუმცა ამას რომ ვაკეთებდით ვიცოდით, რომ უკუგება გაცილებით მეტი უნდა გვქონდეს“, - ეს სიტყვები კი „ფოლკსვაგენის“ მთავარ აღმასრულებელ მარტინ ვინტერკორნს ეკუთვნის.
მახტი ასევე დასძენს, რომ მისი ჯგუფი თავისი სიახლის სხვებისთვის განდობას ჯერ არ აპირებს, რადგან მისი გაზიარებით, კონკურენტებს გააძიერებს. თუმცა, საიდუმლოს სამუდამოდ შენახვასაც არ აპირებენ და დადგება დრო, როდესაც თავიანთ რევოლუციურ ტექნოლოგიას სხვებსაც შესთავაზებენ. ოღონდ, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ „ყურადსაღებ შეთავაზებას“ მიიღებენ. მახტი ვარაუდობს, რომ ამ მიმართულებით, ყველაზე მეტად „მსოფლიოს უდიდესი საავტომობილო ბაზრის კომპანიები იაქტიურებენ“.
No comments:
Post a Comment