Kimi Raikkonen sets sights on Sepang podium for Lotus
20 მარტი
კიმი რაიკონენი არ მალავს, რომ მალაიზიის დიდ პრიზზე, კვარცხლბეკზე ასასვლელად იბრძოლებს. მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი ორწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა ფორმულა ერთს და პირველივე რბოლაში, მიუხედავად იმისა, რომ კვალიფიკაციაზე ჩაფლავების გამო, სტარტი უკანა რიგებიდან აიღო, საბოლოოდ ფინიშთან მაინც ქულებში მოვიდა. რაც მთავარია, „ლოტუსის“ მანქანის ბრძოლისუნარიანობა, რომელიც პირველად ხერესის და ბარსელონას ტესტებზე გამოვლინდა, მელბურნის რბოლაში დადასტურდა.
სწორედ მელბურნის რბოლის შემდეგ, რაიკონენს თავდაჯერება გაუძლიერდა და ის თვლის, რომ „ლოტუს E20-ით“ კვარცხლბეკისთვის ბრძოლა სრულიად შესაძლებელია. სხვათა შორის, სეპანგი ის ტრასაა, სადაც ცხრა წლის წინ, რაიკონენმა „მაკლარენით“ თავის კარიერაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
„მანქანა ძალიან კარგია. მელბურნის რბოლაში, ტრეფიკში მოვყევი, რამაც საქმე გამირთულა. ამიტომ, იქ ბევრი ვერაფრით გამოვიჩინე თავი. და ვინ იცის, რა მოხდებოდა, კვალიფიკაციაზე უკეთესი შედეგი რომ მქონოდა. მანქანა სწრაფია და თუ კვალიფიკაციაზე მის სისწრაფეს გამოვიყენებ, რბოლაში კვარცხლბეკისთვის ბრძოლა რეალურია. და ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არაა. ჩვენ თანდათან ვსწავლობთ მანქანის შესაძლებლობებს. სამწუხაროდ, მელბურნის რბოლაში მისი პოტენციალის სრულად გამოყენება ვერ შევძელით. იმედია, მალაიზიაში ყველაფერი გაცილებით უკეთ იქნება“, - ყვება რაიკონენი.
ფინელი პილოტი დასძენს, რომ ყველა ტრასაზე, სადაც კი აქამდე გამოსულა, „ლოტუს E20“ კონკურენტუნარიანი იყო. ეს კი აფიქრებინებს, რომ მალაიზიაშიც სწრაფი და გამძლე იქნება: „ვეცდებით, მალაიზიაში უკეთეს შედეგებს მივაღწიოთ. ჯერ არ ვიცით, მანქანა სეპანგში რამდენად კარგი იქნება. მაგრამ აქამდე სადაც გამოვედით, ყველგან კარგად იმუშავა და აქაც ალბათ ასე იქნება. მთავარია, მალაიზიაში შეცდომების გარეშე ვიასპარეზოთ“.
ოპტიმისტურადაა განწყობილი რომენ გროჟანიც, რომელიც ამბობს, რომ ავსტრალიისა და მალაიზიის რბოლებს შორის ძალიან მცირე დროა იმსიათვის, რომ რომელიმე გუნდმა თავისი მანქანის სრულყოფა შეძლოს. ეს კი ნიშნავს, რომ სეპანგზე „ლოტუსი“ ისევე კონკურენტუნარიანი იქნება, როგორც ალბერტ პარკზე...
No comments:
Post a Comment