Development of Porsche 918 supercar progressing nicely
20 მარტი
ამ ავტომობილმა ორი წლის წინ, ჟენევის მოტორ შოუზე, ნამდვილი ფურორი მოახდინა. მას უმალ უწოდეს 21-ე საუკუნის სუპერ ავტომობილი. გამოფენაზე მიღებულმა გამოხმაურებებმა „პორშეს“ ხელმძღვანელობა აღტაცებული დატოვა. იმდენად, რომ ამ ავტომობილის ბაზარზე გამოსაყვანად, მაშინვე დაისახა მეტად შემჭიდროებული გრაფიკი. ალბათ გაგახსენდათ - „პორშე 918“...
„პორშეს“ სპეციალისტები ამ გრაფიკს მკაცრად იცავენ. მათ სამი სატესტო მანქანა აქვთ შექმნილი, რომლებსაც სხვადასხვა ადგილებში უტარდებათ ტესტები. ერთ-ერთი მათგანი იტალიის სამხრეთში მდებარე ქალაქ ნარდოს ჩქაროსნულ ტრეკზე ვარჯიშობს, სადაც სამეცნიერო გამოცემა „ვაიერდის“ რეპორტიორი დეიმონ ლავრინჩი იყო მიწვეული.კონცეპტუალური „918 სპაიდერი“ აღჭურვილია ჰიბრიდული სისტემით, რომელშიც 3.4-ლიტრიანი V8 და სამი ელექტროძრავი შედის. შიდაწვის ძრავი 500 ცხენის ძალას იძლევა და ის ორდისკოიანი ქუროსა და 7-საფეხურიანი ტრანსმისიის გავლით, მამოძრავებელ ძალას უკანა ბორბლებს აწვდის. ორი ელექტროძრავი წინა ბორბლებს ატრიალებს, ერთი კი ტრანსმისიასთანაა შეწყვილებული და შიდაწვის ძრავს დაბალ ბრუნვებზე ეხმარება. ელექტროძრავების ჯამური სიმძლავრე 218 ცხენის ძალას აღწევს.
კონცეპტუალური ავტომობილი 1490 კილოგრამს იწონის. ადგილიდან ასის აკრეფა მას 3.2 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/სთ-ს აღწევს. თხევადი გაგრილებით აღჭურვილი ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი სავარძლების უკანაა მოტავსებული. მათში დაგროვილი ენერგიით (6.8 კილოვატსაათი), „918 სპაიდერი“ მხოლოდ 25 კილომეტრის გავლას შესძლებს. ელემენტების დამუხტვას სწრაფი დამმუხტველით ოეი საათი ჰყოფნის.
გავრცელებული ინფორმაციით, მთელი ეს ავლადიდება 845 000 დოლარი ეღირება. ჰიბრიდული სუპერ ავტომობილის მსოფლიო პრემიერის დღედ 2013 წლის 18 სექტემბერია დანიშნული.
No comments:
Post a Comment