First-Ever Bentley SUV Rolls into the 2012 Geneva Motor Show
6 მარტი
თავის დროზე, უოლტერ ოუენ ბენტლის უთქვამს, ყოველი ავტომობილი, რომელსაც მისი სახელის მქონე კომპანია გამოუშვებს, უნდა იყოს „კარგი მანქანა, სწრაფი მანქანა და საუკეთესო თავის კლასში“. 1919 წელს, „ბენტლიმ“ კონცეპტუალური ავტომობილი EXP (ექსპერიმენტულის შემოკლებული აღნიშვნაა) გამოუშვა. ამ ავტომობილში ნოვატორული სულისკვეთება იყო ჩაქსოვილი, რომელიც კომპანიამ დღემდე შეინარჩუნა.
რა თქმა უნდა, „ბენტლის“ დამაარსებელს უგზოობის ავტომობილების წარმოებაზე არც უფიქრია. მაგრამ დღეს, ინგლისურმა კომპანიამ, რომელიც „ფოლკსვაგენის“ იმპერიის წევრია, ჟენევის მოტორ შოუზე, სწორედ უგზოობის კონცეპტუალური მოდელი EXP 9F წარადგინა.
„ეს „ბენტლის“ ისტორიაში განსაკუთრებული მომენტია. ჟენევაში ჩვენ წარმოვადგინეთ ავტომობილი, რომელმაც „ბენტლი“ მისთვის ახალ ტერიტორიაზე უნდა შეიყვანოს. სწორედ ისე, როგორც 2002 წელს, როდესაც „კონტინენტალ GT-ს“ წარმოება დავიწყეთ“, - მანქანის წარდგენისას განაცხადა „ბენტლის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და მთავარმა აღმასრულებელმა ვოლფგანგ დურჰაიმერმა.
მანვე განაცხადა, რომ ამ ავტომობილის სერიულად წარმოების საკითხი ჟენევის შემდეგ გადაწყდბა, რადგან გამოფენის დროს მიღებულ გამოხმაურებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება. თუმცა, როგორც ჩანს, კომპანიას უკვე მონიშნული აქვს ის ბაზრებიც, სადაც EXP 9F-ს (სერიულ ვერსიას სახელს გამოუცვლიან) გაყიდვებს გეგმავს. დურჰაიმერის თქმით, „ბენტლის“ დიზაინერებმა და ინჟინრებმა შექმნეს ავტომობილი, რომელიც შინ იგრძნობს თავს როგორც ამერიკაში, ან ჩინეთში, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვიშის დიუნებზე და გერმანულ ავტობანებზეც.
დაკიდევ, დურჰაიმერი დასძენს, რომ „ბენტლის“ თითქმის ყველა მფლობელის ფარეხში, უგზოობის ავტომობილიც დგას. ამდენად, ის დარწმუნებულია, რომ ბევრი მათგანი მალე სწორედ „ბენტლის“ უგზოობის ავტომობილის შეძენას გადაწყვეტს.
მართალია, ჟენევაში წარდგენილი კონცეპტუალური ავტომობილი არც სილამაზით არ გამოირჩევა და შესაძლოა, საკმაოდ უხეში გამომეტყველებითაც დაგაფრთხოთ, მაგრამ სამაგიეროდ, ტექნიკური აღჭურვილობით მოხიბლავს პოტენციურ მყიდველს. მასში შედის W12 კონფიგურაციის ორტურბოიანი ძრავი, რომელიც 600 ცხენის ძალას და 800 ნიუტონმეტრს ავითარებს, 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი და სრულამძრავიანი ტრანსმისია.
სალონშიც რა თქმა უნდა, ყველაფერი ისეა გაწყობილი, როგორც ულტრა ლუქსის კლასს შეეფერება. სავარძლები ღია კრემისფერ ტყავშია გაწყობილი, რომელთანაც ღია შოკოლადისფერია შეხამებული. მოკლედ, როგორც „ბენტლის“ შეეფერება, სალონში ყველაფერი გემოვნებითაა შესრულებული.
რამდენადაც EXP 9F კონცეპტუალური ავტომობილია და ჯერ არც მისი წარმოებაა გადაწყვეტილი, პრეზენტაციისას მის ფასზე არაფერი თქმულა. სავარაუდოდ, ამ ავტომობილს იმ ბაზრებზეც წარადგენენ, საიდანაც, მისი სერიული წარმოების შემთხვევაში, ყველაზე მეტ შეკვეთას ელიან. ეს კი ამერიკა და ჩინეთია. ამერიკაში მალე ნიუ იორკის მოტორ შოუ ჩატარდება, ჩინეთში კი - პეკინის ავტო სალონი.
ვიდეო
No comments:
Post a Comment