Lamborghini's €2.1 Million Aventador J Speedster in the Flesh and on Film
6 მარტი
ჟენევური მოტორ შოუს ეს სუპერ ვარსკვლავი, დარბაზში თვითონ „ლამბორგინის“ მთავარმა აღმასრულებელმა შტეფან ვინკელმანმა შემოიყვანა. მანქანიდან გადმოსულმა კი საზოგადოებას „ახარა“ რომ მისი კომპანია „ავენტადორ J-ს“ მხოლოდ ერთ ცალს დაამზადებს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მართალია, „ლამბორგინის“ სამოდელო გამაში ჯერაც მხოლოდ ორი ავტომობილი - „ავენტადორი“ და „გალიარდო“ შედის, მაგრამ დროდადრო, სანტ’აგატა ბოლონეზელები სპეციალურ, ექსკლუზიურ ავტომობილებს (რევენტონი და სესტო ელემენტო) სთავაზობენ მყიდველს და ესპრაქტიკა კვლავაც გაგრძელდება.
სწორედ ასეთი ავტომობილია „ავენტადორ J“, რომელიც „ავენტადორ LP700-4-ის“ 691-ცხენისძალიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი. რაც მთავარია, ის 2.1 მილიონი ევრო ეღირება. ვინკელმანის თქმით, ეს ისეთი ექსტრემალური და უკომპრომისო ავტომობილია, როგორიც მხოლოდ „ლამბორგინი“ შეიძლება იყოს. მანვე დასძინა, რომ მართალია, ეს ავტომობილი საგზაო რეგლამენტს არაკმაყოფილებს (კონსტრუქციულ თავისებურებათა გამო), მაგრამ მისი კომპანიისთვის ეს მხოლოდ გამოწვევაა. „ლამბორგინი“ ადამიანებს ყოველთვის ოცნებებში დაბრუნებაში დაეხმარებაო...
„ავენტადორ J-ს“ მთავარი თავისებურება ისაა, რომ მას არ აქვს სახურავი და საქარე შუშაც კი. სალონში ასკეტიზმია გამეფებული, ორივე სავარძელი კი ცალკე კოკპიტებში ზის. ავტომობილის მზიდი ელემენტი კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული. ამავე მასალით დამზადდა ორი ზორბა დამცავი თაღი, რომლებიც სავარძლების უკან მდებარეობს და ისინი მძღოლის და მისი ერთადერთი მგზავრის დაცვას ემსახურება.
დაბოლოს, ვინკელმანმა განაცხადა, რომ ეს ავტომობილი ჟენევური შოუს დასრულებისთანავე გაიყიდება. მოგვიანებით, კერძოდ კი პარიზის მოტორ შოუზე, ღია „ავენტადორის“ სერიულ ვერსიასაც ვიხილავთ.
No comments:
Post a Comment