Ampera and Volt voted “Car of the Year 2012”
5 მარტი
ევროპის 2012 წლის საუკეთესო ავტომობილად, პლაგ-ინ ჰიბრიდული „შევროლე ვოლტი“ და მისი ევროპელი ანალოგი „ოპელ/ვოქსოლ ამპერა“ გამოცხადდა. ევროპის 23 ქვეყნის 159-მა საავტომობილო ჟურნალისტმა, „ოპელ ამპერა/შევროლე ვოლტს“ ჯამში 330 ქულა მიაკუთვნა. გამარჯვებულს ბევრით ჩამორჩა „ფოლკსვაგენის“ ჯუჯა Up (281 ქულა) და „ფორდ ფოკუსი“ (256).კონკურსის ისტორიაში პირველად, მისი გამარჯვებულის გამოცხადება ჟენევის მოტორ შოუს გახსნას დაემთხვა. დაჯილდოების ცერემონიას დაესწრნენ „ოპელ/ვოქსოლის“ მთავარი აღმასრულებელი კარლ-ფრიდრიხ შტრაკე და „შევროლეს“ ევროპული შტოს პრეზიდენტი და მმართველი დირექტორი სიუზენ დოჩერტი, რომლებსაც საზიარო პრიზი, კონკურს „წლის საუკეთესო ავტომობილის“ ჟიურის პრეზიდენტმა ჰაკან მატსონმა გადასცა.
ჰაკან მატსონი (მარცხნივ) კარლ-ფრიდრიხ შტრაკეს (მარჯვნივ) და სიუზენ დოჩერტის აჯილდოებს |
კონკურსის პირველ ეტაპზე, სულ 35 ახალი ავტომობილი მონაწილეობდა, რომელთაგან, წინასწარი შერჩევის გზით, 7 საუკეთესო ფინალში გავიდა. ჟიურის შეფასების კრიტერიუმები იყო დიზაინი, კომფორტი, ინოვაციური ტექნოლოგიები და ეფექტურობა. ამ კრიტერიუმებით, „ოპელ ამპერა/შევროლე ვოლტი“ საუკეთესოდ სცნეს.
„მეამაყება, რომ ევროპის საუკეთესო საავტომობილო ჟურნალისტების შეფასებით, ჯილდო ჩვენ გადმოგვეცემა. ჩვენი მანქანა იმის დემონსტრირებაა, რომ ელექტრომობილის მართვა სასიამოვნო და საიმედო შეიძლება იყოს მაშინაც კი, თუ მისი მფლობელის ცხოვრების სტილს არ ეხებით“, - ცერემონიაზე განაცხადა დოჩერტიმ.
აღსანიშნავია, რომ „ვოლტს“ და „ამპერას“ არაერთი საერთაშორისო კონკურსი აქვთ მოგებული. მათ შორის, მსოფლიოს წლის საუკეთესო მწვანე ავტომობილი (2011), ჩრდლოეთ ამერიკის წლის საუკეთესო ავტომობილი (2011). გარდა ამისა, Euro NCAP-ის ტესტების შემდეგ, ორივე ავტომობილმა უმაღლესი, ხუთვარსკვლავიანი შეფასება დაიმსახურა.
„ვოლტი“ და „ამპერა“ მსოფლიო ბაზარზე პირველი სერიული ელექტრომობილებია, რომლებსაც სვლის მარაგის გაზრდის მიზნით, შიდაწვის ძრავი ემსახურება. ავტომობილის ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკის ტევადობა 16 კილოვატსაათია. ის ენერგიით 150-ცხენისძალიან ელექტროძრავს ატრიალებს. ავტომობილის მართვის სტილის შესაბამისად, აკუმულატორის ტევადობა საკმარისია იმისათვის, რომ 40-80 კილომეტრი გაიაროთ. ამ დროს, „ვოლტი/ამპერა“ აბსოლუტურად ნულოვანი გამონაბოლქვით გადაადგილდება.
როდსაც ელემენტებში დაგროვილი ენერგია კრიტიკულ მინიმალურ ზღვარს აღწევს, ამუშავდება ბენზინის ძრავი, რომელსაც მოძრაობაში გენერატორი მოჰყავს. ეს უკანასკნელი კი გამომუშავებულ ენერგიას აკუმულატორს აწვდის. ამგვარად, ავტომობილის სვლის სიშორე 500 კილომეტრამდე იზრდება.
დაბოლოს, კონკურსში მე-4-7 ადგილები ასე განაწილდა: 4. რეინჯ როვერ ევოკი (186 ქულა), 5. ფიატ პანდა (156), 6. სიტროენ DS5 (144), 7. ტოიოტა იარისი (122).
No comments:
Post a Comment