Pininfarina Thinking About Building a Limited Run of its Cambiano Plug-in Hybrid Concept
14 მარტი
„პინინფარინას“ ხელმძღვანელობა კონცეპტუალური ჰიბრიდული „კამბიანოს“ მცირესერიული წარმოების მიზანშეწონილებას განიხილავს. ამ ავტომობილს ჟენევის მოტორ შოუზე კარგი გამოხმაურება ჰქონდა, რის გამოც, დიზაინ ატელიეს მისი წარმოების იდეა გაუჩნდა. არადა, არცთუ დიდი ხნის წინ, კომპანია საკუთარი სტრატეგიის შეცვლას აპირებდა, რაც ავტომობილის წარმოების სფეროში საქმიანობის შეწყვეტას გულისხმობდა.
„ამ ეტაპზე, „კამბიანოზე“ კომპანიებისა და კერძო პირების მოთხოვნას შევისწავლით. გავიგებთ, რამდენად შეიძლება დაინტერესდეს მყიდველი მძლავრი, სწრაფი და იმავდროულად, ეკონომიური ავტომობილის შეძენით“, - გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპთან“ საუბრისას განაცხადა „პინინფარინას“ მთავარმა აღმასრულებელმა სილვიო ანგორიმ.
მისივე თქმით, თუ „პინინფარინა“ მხოლოდ 10 ცალ „კამბიანოს“ გამოუშვებს, ამ შემთხვევაში, თითოეულის ფასი 1 მილიონი ევრო იქნება. მაგრამ თუ წარმოების რაოდენობა 70-ს მიაღწევს, მაშინ ფასი 400 000 ევრომდე შემცირდება. ამასთან, „პინინფარინას“ დაახლოებით 2-2.5 წელი დასჭირდება იმისათვის, რომ ეს ავტომობილი წარმოებისთვის მოამზადოს.
შეგახსენებთ, რომ „კამბიანო“ კართა ორიგინალური შეთანწყობით გამოირჩევა. მძღოლის მხარეს მას მხოლოდ ერთი კარი აქვს და კუპეს კლასს მიეკუთვნება. მეორე მხარეს კი ორი კარი აქვს და ამ შემთხვევაში, სედანს მიესადაგება. ამასთან, ამ მხარეს მას შუა საყრდენი არ აქვს, კარები კი ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით იღება. ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 5040 მილიმეტრი, სიგანე 2000 მილიმეტრი, სიმაღლე 1360 მილიმეტრი. საბარგულის მოცულობა კი 450 ლიტრს აღწევს.
კონცეპტუალური ავტომობილი ოთხი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლებიც ბორბლებშია მოტავსებული. მათი ჯამური სიმძლავრე 805 ცხენის ძალას აღწევს, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 640 ნიუტონმეტრია. ელექტროძრავებს ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს. სვლის სიშორის გასაზრდელად კი ავტომობილი ასევე დზელის საწვავზე მომუშავე მიკრო ტურბინითაა აღჭურვილი, რომელიც გენერატორს ატრიალებს, ამ უკანასკნელის მიერ გამომუშავებული ენერგია კი აკუმულატორში გროვდება. ანგორი ამბობს, რომ ამ ავტომობილის წარმოების შემთხვევაში, მიკრო ტურბინა დიზელის ძრავით შეიცვლება.
ამ აღჭურვილობით, „კამბიანოს“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად, 4.2 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 275 კმ/სთ-ია. აკუმულატორში დაგროვილი ენერგია 205 კილომეტრის გასავლელადაა საკმარისი, ტურბინისა და გენერატორის ამუშავების შემდეგ კი სვლის სიშორე 800 კილომეტრამდე იზრდება.
No comments:
Post a Comment