Jaguar C-X75 Supercar Races Toward Production
14 მარტი
„იაგუარი“ კონცეპტუალურ ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილ C-X75-ს წარმოებისთვის ამზადებს და ამ საქმეში მას ფორმულა ერთის გუნდ „უილიამსის“ საინჟინრო შტო ეხმარება. ერთობლივი მუშაობა ჩაუტარდა მანქანის აეროდინამიკას. გარდა ამისა, „უილიამსი“ მისთვის ჰიბრიდულ დანადგარსაც ამუშავებს.
აეროდინამიკურ მილში ტესტების დროს აღმოჩნდა, რომ კონცეპტუალურ მოდელს გზასთან საკმარისი ჩაჭიდება არ ჰქონდა. ამის გამო, მას რამდენიმე აეროდინამიკური ელემენტი დაუმატეს. შემდგომი ტესტების დროს გამოვლინდა, რომ მოდერნიზებულ ავტომობილს 200 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის დროს, აეროდინამიკის მხრივ, პრობლემები არ აქვს.
„იაგუარის“ დირექტორ ედრიან ჰოლმარკის თქმით, ავტომობილზე მუშაობის პროცესში ასევე დადგინდა, რომ ძალური დანადგარების სათანადოდ გასაგრილებლად, შესაბამის ჰაერის ამღებთა საერთო ფართობი 1.562 კვადრატულ მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს. ეს კი კონცეპტუალური ავტომობილის წინა ნაწილის ფართობზე მეტია. რა თქმა უნდა, ამის გამო, ავტომობილის დიზაინის ეს ნაწილიც შესაცვლელი გახდა. ჰოლმარკი ამბობს, რომ C-X75-ის გარეგნობა დიდად არ შეცვლილა, თუმცა ამის მიუხედავად, ის ახლა უფრო სკულპტურას ჰგავს, ვიდრე სპორტულ ავტომობილს. რაც მთავარია, ის უფრო გალამაზდა.
ჯგუფში, რომელიც ამ ავტომობილის დახვეწაზე მუშაობს, სულ 100 ინჟინერია გაერთიანებული, რომელთაგან 40 „უილიამსის“ წევრია. სწორედ „უილიამსის“ სპეციალისტები მუშაობენ C-X75-ის მზიდი ელემენტის შექმნაზე, რომელიც მეტწილად კარბონის კომპოზიტისგან უნდა დამზადდეს.
ჰოლმარკი ასევე ამბობს, რომ „უილიამსის“ სპეციალისტებმა გაზის მიკროტურბინების ძალურ დანადგარში ინტეგრირება შეძლეს, თუმცა ამის მიუხედავად, „იაგუარში“ ჯერაც არ გადაუწყვეტიათ, სერიულ ავტომობილზე ასეთ აგრეგატებს გამოიყენებენ, თუ მათ შიდაწვის ძრავით შეცვლიან. ამისათვის მათ კომპანია „კოსუორტის“ წარმოების 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი, წყვილ ტურბოიანი ძრავი აქვთ შერჩეული, რომლის ლიტრული სიმძლავრე 313 ცხენის ძალას აღწევს. ჰოლმარკი ამბობს, რომ უკვე დაწყებულია სატესტო პროტოტიპების დამზადება. თუმცა, ჯერ საბოლოოდ არაა გადაწყვეტილი ტრანსმისიის კონსტრუქციული თავისებურებანი.
ტურბინის, ან შიდაწვის ძრავის გარდა, რომელთაც სვლის სიშორის გაზრდის დანიშნულება აქვთ, ავტომობილი ასევე ორი ელექტროძრავით აღიჭურვება. ისინი წინ და უკან მოთავსდება. მათ ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი მოამარაგებს. სავარაუდოდ, ჰიბრიდული ძალური დანადგარის ჯამური სიმძლავრე 1000 ცხენის ძალას მიაღწევს. ავტომობილი ადგილიდან ასის აკრეფას 3 წამში შეძლებს, 160 კმ/სთ-მდე 5.5 წამი ეყოფა, 300 კმ/სთ-მდე კი - 15.5 წამი. მაქსიმალური სიჩქარე 330 კმ/სთ-ს აღწევს.
„იაგუარი“ მხოლოდ 250 ცალი C-X75-ის წარმოებას აპირებს. თითოეული მათგანი 1.15 მილიონი დოლარი ეღირება. მასზე შეკვეთების მიღება ამ წლის ბოლოს დაიწყება, პირველი კლიენტები კი სასურველ ავტომობილს 2013 წლის დასაწყისში მიიღებენ.
No comments:
Post a Comment