Electric 102EX is Dead, No SUV, Ghost Variations Likely Coming Soon
14 მარტი
„როლს როისის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ აღარ გამოუშვას კონცეპტუალური 102EX, რომელიც მოდელ „ფანტომის“ ბაზაზე შექმნილი ელექტრომობილია. ეს ინფორმაცია გამოცემა „ქარ ენდ დრაივერს“ „როლს როისის“ მთავარმა აღმასრულებელმა ტორსტენ მიულერ-ოტვოსმა განუცხადა.
ინგლისურმა კომპანიამ, რომელიც „ბეემვეს“ ჯგუფში შედის, კონცეპტუალური ელექტრომობილი 102EX ჟენევის შარშანდელ მოტორ შოუზე წარადგინა. ამის შემდეგ, ის მსოფლიო ტურნეში გაუშვეს, რისი მიზანიც ის იყო, რომ ელექტრომობილის ტესტირების საშუალება სხვა „როლს როისების“ მფლობელებისა და ამ მარკის თაყვანისმცემლებისთვის მიეცათ.
ამ ვოიაჟის მიზანს, პოტენციურ კლიენტთა შეხედულებების და მოსაზრებების შესწავლა წარმოადგენდა. მოგზაურობის დასრულების შემდეგ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ „როლს როისის“ ელექტრომობილზე მოთხოვნა ძალიან მცირე იქნება. იმდენად მცირე, რომ მისი წარმოების დაწყება არც ღირს.
მიულერ-ოტვოსის თქმით, ყველა, ვისაც ელექტრული „როლსის“ მართვის საშუალება მიეცა, გაოცებული დარჩენილა ავტომობილის სალონში გამეფებული სიჩუმით. შთაბეჭდილება 102EX-ის დინამიკურ შესაძლებლობებსაც მოუხდენია. სამაგიეროდ, თითქმის ყველას აზრით, ასეთი მანქანის დიდი უარყოფითი თვისებებია ის, რომ აკუმულატორის დამუხტვას დიდი დრო სჭირდება და ავტომობილის სვლის სიშორეც შედარებით მცირეა.
ყოველივეს მიუხედავად, ბრიტანული კომპანია ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების გამოყენებას მაინც აპირებს. მაგალითად, ასეთი შეიძლება გახდეს ეგრეთ წოდებული პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემა, რომელშიც მთავარ როლს ისევ ელექტროძრავი (ან ძრავები) შეასრულებს, შიდაწვის აგრეგატს კი დამხმარე, ენერგიის შემვსების როლი დაეკისრება.
ცნობისათვის, 102EX ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელთა ჯამური სიმძლავრე 389 ცხენის ძალა, მაბრუნი მომენტი კი 800 ნიუტონმეტრია. ორივე ძრავი უკანა ღერძთანაა განლაგებული და ბორბლებს მბიძგველ ძალას ერთსაფეხურიანი ტრანსმისიის საშუალებით აწვდიან. ელექტროენერგია ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკში ინახება, რომლის ტევადობაც 71 კილოვატსაათია.ეს კი მხოლოდ 200 კილომეტრის გასავლელადაა საკმარისი.
მიულერ-ოტვოსი ასევე დასძენს, რომ „როლს როისის“ გეგმებში ამ ეტაპზე არც უგზოობის ავტომობილების წარმოება შედის. მისი თქმით, ეს კომპანია უმაღლესი კლასის სედანების, კუპებისა და კაბრიოლეტების წარმოებაზეა ორიენტირებული და ჯერჯერობით ასეც დარჩება. უფრო მეტიც, ის „გოსტზე“ პატარა ავტომობილის წარმოებასაც გამორიცხავს. კომპანიის შეფი დასძენს, რომ დიდი სიამოვნებით გამოუშვებდა ერთეულ ავტომობილებს, მაგრამ მათი რეგისტრაცია იმდენად რთული და ძვირია, რომ ასეთი ბიზნესი ფინანსურად გაუმართლებელი იქნება.
No comments:
Post a Comment