MINI Spices up Countryman Crossover with 215-horsepower JCW Variant
3 მარტი
„ჯონ კუპერ უორკს“ (JCW) - ამ მეტსახელით, ჟენევაში წარსდგება „მინის“ მორიგი ახალი ავტომობილი, რომელიც ქროსოვერ „ქანთრიმენზეა“ ბაზირებული. ეს ტოპ ვერსიაა, საბაზოზე მძლავრი და ტემპერამენტიანი და ამიტომაცაა „გაბრაზებული“. და თუ როგორი გაბრაზება შეუძლია „ქანთრიმენს“, ეს დაკარის რბოლაზე ფრანგ სტეფან პეტერანსელთან ერთად გვიჩვენა...
„ქანთრიმენის“ JCW ვერსიის სტანდარტულ აღჭურვაში, „მინის“ სრულამძრავიანი ტრანსმისია შედის, რომელიც „ოლ4“ სახელითაა ცნობილი. მამოძრავებელ ძალას კი მას ბენზინის 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავი ანიჭებს, რომელიც ორსაფეხურიანი ტურბო კომპრესორით, საწვავის უშუალო შეფრქვევისა და სარქველების გახსნის ფაზების მაკონტროლებელი სისტემებითაა აღჭურვილი.„ქანთრიმენ JCW-ს“ ძრავის ევროპული ვერსია 215 ცხენის ძალას და 280 ნიუტონმეტრს იძლევა. ამასთან, ძრავის მართვის ელექტრონულ სისტემას აქვს ამაჩქარებელი რეჟიმი, რომლის ჩართვის შემთხვევაშიც, მომენტის მაქსიმუმი 300 ნიუტონმეტრს აღწევს. ავტომობილის სტანდარტულ ეკიპირებაში შედის 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი. ამ აგრეგატებით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 7.0 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 225 კმ/სთ-ს აღწევს. 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფის დაყენების შემთხვევაში, აჩქარების დრო არ იცვლება, მაქსიმალური სიჩქარე კი 223 კმ/სთ-მდე მცირდება.
შედარებით სუსტია „ქანთრიმენ JCW-ს“ ჩრდილოამერიკული ვერსია, რომლის ძრავის სიმძლავრე 211 ცხენის ძალაა, მომენტი კი იგივე. შესაბამისად, ამ მანქანას ტემპერამენტიც ოდნავ უარესი აქვს (7.1 და 7.5 წამი) და მაქსიმალური სიჩქარეც ნაკლები (204 კმ/სთ).
მექანიკური კოლოფით აღჭურვილი „ქანთრიმენ JCW-ს“ ევროპულ ვერსიას 100 კილომეტრის გასავლელად საშუალოდ 7.2 ლიტრი ბენზინი სჭირდება, ავტომატური კოლოფით კი - 8.0 ლიტრი. ჯერჯერობით „მინის“ ამ ავტომობილის გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობის მონაცემები არ გამოუქვეყნებია.
გარდა ამისა, „ქანთრიმენ JCW“ სპორტული საკიდარითაცაა აღჭურვილი, რის გამოც, მისი სიმაღლე 10 მილიმეტრითაა შემცირებული. ის ასევე დაკომპლექტდა უფრო „ბრაზიანი“ გამოსაბოლქვით, სპორტული სტილის შესაფერისი აეროპაკეტით და ზორბა, 18-დუიმიანი ბორბლებით.
No comments:
Post a Comment