1950’s Alfa Romeo Disco Volante Reborn as an 8C Competizione-Based Limited Production Model
3 მარტი
როდესაც მანქანას მეტსახელად „მფრინავ თეფშად“ მოიხსენიებენ, შეიძლება იფიქროთ, რომ ის სხვა სამყაროშია შექმნილი. სწორედ ასეთ შთაბეჭიდილებას ტოვებდა 1952 წელს გამოშვებული „ალფა რომეო დისკო ვოლანტე“ (დისკო ვოლანტე იტალიურად მფრინავ თეფშს ნიშნავს), რომლის აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი სულ რაღაც, 0.25 იყო.
ძველი „დისკო ვოლანტე“ ახლაც იმდენად პოპულარულია, რომ მილანურმა კომპანიამ, ორი წლის წინ, როდესაც თავისი დაარსებიდან ასწლოვან იუბილეს ზეიმობდა, ამასთან დაკავშირებით, ქანდაკება შექმნა, რომელსაც სწორედ „დისკო ვოლანტეს“ ფორმა ჰქონდა.
ეს ლეგენდარული ავტომობილი, ძარების მწარმოებელმა ატელიე „ტურინგ სუპერლეგერამ“ შექმნა, რომელიც კარგა ხანს დავიწყებული იყო, მაგრამ ახლახანს აღადგინეს. და მისი ერთ-ერთი პირველი პროექტი ისევ ძველ „მფრინავ თეფშს“ უკავშირდება. სახელითაც და გარეგნობითაც. ოღონდ, რა თქმა უნდა, გარეგნობა გათანამედროვებულია. და რაც მთავარია, ახალი კონცეპტუალური „დისკო ვოლანტეს“ პრემიერა, ძველის შექმნიდან 60 წლის იუბილეს უკავშირდება.
ისევე როგორც ლეგენდარული „დისკო ვოლანტე“, მისი ახლებური ინტერპრეტაციაც „ალფა რომეოს“ სერიულ ავტომობილზეა დამყნობილი. და ეს უბრალო ავტომობილი არაა - „ტურინგ სუპერლეგერამ“ დონორად სუპერ ავტომობილი „8C კომპეტიციონე“ აირჩია. შეგახსენებთ, რომ ამ ავტომობილის 4.7-ლიტრიანი V8 450 ცხენის ძალას ავითარებს, მასთან კი 6-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური კოლოფია დაკავშირებული.
ორიგინალური „დისკო ვოლანტე“ მხოლოდ ოთხი ცალი დამზადდა. „ტურინგ სუპერლეგერაც“ აცხადებს, რომ ავტომობილს, რომელსაც პირველად ჟენევის მოტორ შოუზე გვიჩვენებს, შეზღუდული რაოდენობით გამოუშვებს.
No comments:
Post a Comment