Subaru targets 100,000-unit goal for BRZ, Toyota GT 86 and Scion FR-S production
20 მარტი
რამდენიმე დღის წინ, „სუბარუმ“ თავის გუნმას ქარხანაში (ოტა სიტი, იაპონია) ორი უკანაამძრავიანი კუპეს - „სუბარუ BRZ-ის“ და „ტოიოტა GT 86-ის“ წარმოება დაიწყო. სპეციალურად ამ ორი ავტომობილისთვის და ახალი „სუბარუ იმპრეზასთვის“, რომლის წარმოებაც მერმისს დაიწყება, გუნმას ქარხანას მოდერნიზაცია ჩაუტარდა.
როგორც ცნობილია, „სუბარუმ“ და „ტოიოტამ“ ეს ორი ავტომობილი ერთობლივად შეიმუშავეს. ეს არის მათი პარტნიორული ურთიერთობის (რომლის თაობაზეც შეთანხმებას ჯერ კიდევ 2005 წელს მიაღწიეს) პირველი ნაყოფია. ამ ავტომობილების სერიული ვერსიები მათ ტოკიოს შარშანდლ მოტორ შოუზე წარადგინეს.
ორივე ავტომობილი (მისი მესამე ვერსიაა, ყველაზე იაფი საიონ FR-S) აღჭურვილია „სუბარუს“ მიერ შემუშავებული ოპოზიტური ოთხცილინდრიანი, 2.0-ლიტრიანი ატმოსფერული ძრავით, რომელსაც „ტოიოტას“ მიერ შემუშავებული, საწვავის უშუალო შეფრქვევის სისტემა ემსახურება. ძრავის სიმძლავრე 200 ცხენის ძალაა. ძრავს 6-საფეხურიანი მექანიკური, ან ავტომატური კოლოფი უწყვილდება. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, გადაცემების საფეხურების შეცვლა საჭის რგოლთან მოთავსებული ბერკეტებით ხდება.
ორივე ავტომობილს ბაზარი დიდხანს ელოდა. მაგრამ იყვნენ სკეპტიკოსები, რომლებიც თვლიდნენ, რომ „ტყუპების“ მომზადების პროცესი მეტისმერად გაჭიანურდა და ბაზარზე გამოსვლიდან მოკლე ხანში, ისინი შესაცვლელი გახდება. თუმცა, მათი მოლოდინი არ მართლდება, რისი უტყუარი ნიშანიცაა ის ფაქტი, რომ ორივე კომპანიამ უკვე იმაზე ბევრად მეტი შეკვეთა მიიღო, ვიდრე ისინი ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით ვარაუდობდნენ.
ახლახანს, „ფუძი ჰევი ინდასტრიზის“ (რომელსაც სუბარუ ეკუთვნის) პრეზიდენტმა იასაიუკი იოშინაგამ გამოაცხადა, რომ ოტა სიტის ქარხანაში წლიურად 100 000 ცალი BRZ, GT 86 და FR-S დამზადდება. ეს კი ადრე დაგეგმილზე მეტია. რა თქმა უნდა, ყოველივეს მიზეზი, სამივე ავტომობილზე მოსალოდნელზე მეტი მოთხოვნაა.
მაგალითად, „ტოიოტამ“ თავის GT 86-ზე უკვე დაახლოებით 7 000 შეკვეთა მიიღო. „სუბარუს“ კი 2 500 შეკვეთა აქვს მიღებული. არადა, „ტოიოტა“ თვეში 7-ჯერ ნაკლებ, „სუბარუ“ კი 5.6-ჯერ ნაკლებ შეკვეთას ელოდა. ისიც აღსანიშნავია, რომ გაყიდვების დასაწყისში, ხშირად მოთხოვნის ბუმი ფიქსირდება, რომელიც დროთა განმავლობაში, ნელდება ხოლმე. თუმცა იაპონური კომპანიები ვარაუდობენ, რომ მათს კუპეებზე სოლიდურ მოთხოვნას შეინარჩუნებენ.
No comments:
Post a Comment