Saturday, April 14, 2012

როსბერგის და „მერსედესის“ პირველი პოული!

Rosberg takes first career pole in China
14 აპრილი
ნიკო როსბერგის გამარჯვებით დასრულდა ჩინეთის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა. გერმანელი მრბოლისთვის ეს კარიერაში მოპოვებული პირველი პოულ პოზიციაა. და ეს მიღწევა მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ მან უკან მოიტოვა თავისი სახელოვანი თანაგუნდელი, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი.

„მერსედესისთვის“ ეს ფორმულა ერთში დაბრუნების შემდეგ პირველი საკვალიფიკაციო გამარჯვებაა. როსბერგამდე სამქიმიანებისთვის პოულ პოზიცია ბოლოს ლეგენდარულ არგენტინელ ხუან მანუელ ფანხიოს ჰქონდა მოპოვებული (1955 წელს, იტალიაში). შტუტგარტელებმა დიდი პრიზების არენა იმავე წელს, ლე მანის 24-საათიან რბოლაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დატოვეს, რომელმაც 84 მაყურებლის სიცოცხლე შეიწირა.

მეორე საუკეთესო შედეგი ლუის ჰამილტონმა აჩვენა, თუმცა სტარტზე წინა რიგში, როსბერგს გვერდს შუმახერი დაუმშვენებს, რადგან ჰამილტონს გადაცემათა კოლოფის შეცვლის გამო, ხუთი ადგილით უკან დაწევა მოუწევს. აღსანიშნავია, რომ წინა ორი რბოლის სტარტზე, პირველი რიგი „მაკლარენის“ პილოტებს ეკავათ. ამჯერად კი ისინი „მერსედესის“ მრბოლებმა ჩაანაცვლეს.
როსბერგი რბოლისას
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სებასტიან ფეტელი, კვალიფიკაციის მესამე ეტაპზეც კი ვერ გავიდა. გერმანელი მრბოლისთვის ეს ყველაზე ცუდი საკვალიფიკაციო შედეგია 2009 წლის ბრაზილიის დიდი პრიზის შემდეგ. ასეთი წარუმატებლობის მიუხედავად, ფეტელმა განაცხადა, რომ მანქანით კმაყოფილია და მისი შედეგი მანქანაზე გამოყენებული ძველი გამოსაბოლქვის ბრალი არ არის.
„არ ვაპირებ, ჩემი შედეგი მანქანაზე გამოყენებულ სიახლეებს მივაწერო. მარკი ჩემზე სწრაფი იყო. მე-11 შედეგი ვაჩვენე, ანუ ორი ერთიანი მაქვს. მაგრამ ეს პირველი არაა“, - განაცხადა ფეტელმა, ვინც გასულ სეზონში 11 რბოლა მოიგო და ყოველი გამარჯვების შემდეგ შემართული საჩვენებელი თითი (პირველის მანიშნებელი), მისი საფირმო ნიშანი გახდა.
კამუი კობაიაში
როსბერგის გამარჯვება მით უფრო შთამბეჭდავია, რომ მან თავისი საუკეთესო შედეგი კვალიფიკაციის დასრულებამდე ორიოდ წუთით ადრე დააფიქსირა და ტრასაზე აღარც დაბრუნებულა. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონის, ფინელი კეკე როსბერგის შვილმა, უახლოეს მდევარ ჰამილტონს ნახევარ წამზე მეტით აჯობა.
„ვულოცავ ნიკოს, ეს ფანტასტიკურია, ვამაყობ მისით. ჩვენ ერთად გავიზარდეთ, ერთად ვმონაწილეობდით რბოლებში და ყოველთვის ვოცნებობდით, რომ ფორმულა ერთამდე მიგვეღწია“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვინც 2000 წელს, იუნიორთა სერიაში, როსბერგის თანაგუნდელი იყო.
სტარტს მესამე ადგილიდან აიღებს კამუი კობაიაში, ვისთვისაც ეს ასევე კარიერის საუკეთესო შედეგია. რაც მთავარია, მან დაამტკიცა, რომ მალაიზიაში მექსიკელ თანაგუნდელ სერხიო პერესის მეორე ადგილი შემთხვევითობა არ ყოფილა. პერესი ამჯერად მერვე ადგილს დასჯერდა. მოკლედ, „ზაუბერს“ ათეულში ორივე პილოტი ჰყავს, როცა იგივე შედეგით „რედ ბული“ და „ფერარი“ ვერ დაიკვეხნიან.



ჩინეთის დიდი პრიზი


კვალიფიკაციის შედეგები
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:35.121
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)          1:35.626
3. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               1:35.691
4. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1:35.784
5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                       1:35.898
6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:36.191
7. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:36.290
8. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1:36.524
9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:36.622
10. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)    დროის გარეშე
- - - - - - - - - -                                           
11. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)           1:36.031
12. ფელიპე მასა (ბტაზილია, ფერარი)                        1:36.255
13. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)     1:36.283
14. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                      1:36.289
15. პოლ დი რესტა, ბრიტანეთი, ფორს ინდია)           1:36.317
16. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)        1:36.745
17. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)    1:36.956
- - - - - - - - - -                                           
18. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)         1:37.714
19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)            1:38.463
20. ვიტალი პეტროვი (რუსეთი,კატერჰემი)                1:38.677
21. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                         1:39.282
22. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                       1:39.717
23. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)              1:40.411
24. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)            1:41.000



სასტარტო განლაგება

1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)
2. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)
3. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერ-ფერარი)
4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუს-რენო)
5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენ-მერსედესი)
6. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბულ-რენო)
7. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენ-მერსედესი)
8. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერ-ფერარი)
9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)
10. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუს-რენო)
11. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო)
12. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)
13. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამს-რენო)
14. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამს-რენო)
15. პოლ დი რესტა, ბრიტანეთი, ფორს ინდია-მერსედესი)
16. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია-მერსედესი)
17. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო-ფერარი)
18. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო-ფერარი)
19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემ-რენო)
20. ვიტალი პეტროვი (რუსეთი,კატერჰემი-რენო)
21. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია-კოსუორტი)
22. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია-კოსუორტი)
23. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია-კოსუორტი)
24. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია-კოსუორტი)

No comments:

Post a Comment