Tuesday, April 24, 2012

"ფერარიმ“ „ენცოს" შემცვლელის ჰიბრიდული სისტემა გაგვაცნო


Ferrari Reveals HY-KERS V12 for Enzo Replacement at Beijing Auto Show
24 აპრილი
ნებისმიერი შოუსთვის, მის ექსპოზიციათა შორის „ფერარის“ ავტომობილის ყოფნა უკვე მოვლენაა. ამ მხრივ, გამონაკლისი არც პეკინის შოუა, რომელზეც იტალიურმა კომპანიამ თავისი უახლესი „F12 ბერლინეტა“ გამოფინა. რა თქმა უნდა, „ფერარის“ ისტორიაში ყველაზე მძლავრი და სწრაფი სერიული ავტომობილი, კომპანიის სტენდის მთავარი ვარსკვლავია. მაგრამ იქვე, მარანელოელებმა დამთვალიერებელს და რაც მთავარია მედიას, არანაკლებ საინტერესო სიახლე დაახვედრეს.
ეს სიახლეა სუპერ ავტომობილ „ენცოს“ შემცვლელის (სავარაუდოდ, F70) ძალური დანადგარი, რომელშიც სისტემა კერს-ია (კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა) ინტეგრირებული. ჰიბრიდულ დანადგარში შედის ატმოსფერული V12, ორი ელექტროძრავი და ორდისკოიანი ქუროთი ძრავთან დაკავშირებული ტრანსმისია.
ელექტროძრავებიდან ერთი გადაცემათა კოლოფის ბოლოშია განლაგებული და ამგვარად, ის უკანა ბორბლებს უკავშირდება, მეორე კი ძრავთანაა დაკავშირებული და გენერატორის მოვალეობას ასრულებს. მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია კი ელემენტების ბლოკს, დამხმარე ელექტრონულ მოწყობილობებს, კონდციონერსა და საჭის ელექტროგამაძლიერებელს მიეწოდება. გარდა ამისა, ჰიბრიდულ სისტემაში შედის ელემენტების ბლოკი, რომელიც ავტომობილის ძირზე მაგრდება. არაა გამორიცხული, რომ მყიდველის სურვილის შემთხვევაში, ეს ბლოკი კონდენსატორების ბლოკით შეიცვალოს.
ტრანსმისიასთან დაკავშირებული ელექტროძრავის დახმარებით, ავტომობილის სიმძლავრე რამდენიმე წამით იზრდება. გარდა ამისა, ამ ძრავით ავტომობილს მცირე მანძილზე გადაადგილებაც შეუძლია.
გარდა ამისა, „ენცოს“ შემცვლელის ძალური დანადგარი მართვის ელექტრონული სისტემით აღიჭურვება, რომლის შემუშავების დროსაც, ფორმულა ერთში დანერგილი გამოცდილება გამოიყენეს. პირველ რიგში, სისტემა შიდაწვის და ელექტო ძრავების მუშაობას აკონტროლებს. გარდა ამისა, ელექტრონულ სისტემებს შორის ენერგიის გადანაწილებასაც უზრუნველყოფს.
ჰიბრიდული სისტემის სიმძლავრე 10 პროცენტით მეტია V12 ძრავის სიმძლავრეზე. იმავდროულად, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა 40 პროცენტით არის შემცირებული. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, „ენცოს“ შემცვლელის სიმძლავრე 920 ცხენის ძალა იქნება.
სავარაუდოდ, ამ ავტომობილს მარანელოელები პირველად პარიზის მოტორ შოუზე გვიჩვენებენ.

No comments:

Post a Comment