Lamborghini SUV
6 აპრილი
როგორი იდუმალებითაც ის იქ ჩაიტანეს, ისეთივე იდუმალებით გამოაპარეს და როგორც ჩანს, პეკინის გზას გაუყენეს, სადაც ფართო საზოგადოების წინაშე, იქაურ ავტო შოუზე წარსდგება. ნიუ იორკში კი მისი დახურული პრეზენტაცია შედგა, რომელსაც ამერიკელი დილერები და ალბათ, კომპანიის ის კლიენტები დაასწრეს, რომლებმაც ამ ავტომობილის შეძენის სურვილი წინასწარი შესატანით დაადასტურეს.
ეს ინფორმაცია პირველად „ლამბორგინის“ ჯორჯიელმა დილერმა „მოტორქარზ ოფ ჯორჯიამ“ თავის საიტზე გაავრცელა. მაგრამ როგორც ჩანს, იტალიური კომპანიიდან მაშინვე მიიღო დირექტივა, რის შემდეგაც, ეს ინფორმაცია მალევე გაქრა. მაგრამ მისი დაფიქსირება და კოპირება ჩეხურმა ვებგვერდმა „აუტოფორუმმა“ მოასწრო...
ამ ინფორმაციაში, „მოტორქარზ ოფ ჯორჯიას“ გაყიდვების დირექტორი ედ ბოლიანი წერდა, რომ უგზოობის „ლამბორგინი“ გაბარიტებით ახლოსაა „აუდი Q7-თან“, დახრილი სახურავით კი ის უფრო „ბეემვეს“ X6-ს მოგაგონებთ. ნიუ იორკში წარდგენილი ავტომობილი წითლად იყო შეღებილი და ის უზარმაზარ, 24-დუიმიან ბორბლებზე იდგა. ეს ბორბლები კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული. სამუხრუჭე დისკოები კარბონ-კერამიკული კომპოზიტისგანაა დამზადებული, გამოსაბოლქვის დაბოლოება ოთხი დაკუთხული მილაკისგან შედგება, უკანა ბამპერის ქვეშ კი მოზრდილი დიფუზორია, რაც ამ შემთხვევაში, უფრო კომპანიის სპორტული სტილისადმი გაღებული ხარკია, ვიდრე აეროდინამიკურად გამართლებული ელემენტი (უგზოობის ავტომობილებს დიდი კლირენსი აქვთ, რაც დიფუზორის ეფექტს აკნინებს). დაკიდევ, ნიუ იორკში ნაჩვენებ პროტოტიპს უკანა ხედვის სარკეების ნაცვლად, ვიდეოკამერები აქვს.
ბოლიანი ყვება, რომ სალონში ტყავი და კარბონის კომპოზიტი ბატონობს. საერთოდ, კარბონი „ლამბოს“ ავტომობილებში სულ უფრო ხშირად და ინტენსიურად იკავებს მეტალის ადგილს. აქ ნახავთ სავარძლებს, რომლებიც ძალიან ჰგავს „სესტო ელემენტოსას“, მაჩვენებლების დაფა კი „ავენტადორს“ გაგახსენებთ.
სავარაუდოდ, უგზოობის „ლამბორგინი“ იმ პლატფორმაზე აიგება, რომელსაც შემდეგი თაობის „აუდი Q7-ზე“ გამოიყენებენ. ამავე პლატფორმის მოკლე ვერსიებზე კი მას „პორშე კაიენსა“ და „ფოლკსვაგენ ტუარეგს“ დაამყნობენ. რა თქმა უნდა, ამ ავტომობილის მზიდი ელემენტისა და ძარის დასამზადებლად, მეტწილად ალუმინსა და კარბონს გამოიყენებენ.
რაც შეეხება ძრავს, მას „გალიარდოსგან“ აიღებენ. ესაა 5.2-ლიტრიანი V10, რომლის სიმძლავრე დაახლოებით 580 ცხენის ძალა იქნება. არაა გამორიცხული მოგვიანებით ჰიბრიდული აგრეგატის გამოყენებაც, რომელშიც V10 ძრავს ელექტროძრავი (107 ცხენის ძალით) შეუწყვილდება. ამ სისტემის სიმძლავრე 700 ცხენის ძალას მიაღწევს.
No comments:
Post a Comment