Mercedes Show us a Little More of its Pure Electric SLS AMG E-CELL, Goes on Sale in 2013
1 აპრილი
„მერსედეს-ბენცმა“ დეტროიტის შარშანდელ მოტორ შოუზე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ელექტრულ სუპერ ავტომობილ SLS AMG E-CELL-ის წარმოებას მწვანე შუქი აუნთო. გავიდა დრო და ამ ავტომობილისადმი ინტერესის კვლავ გასაღვივებლად, სამქიმიანებმა მის შესახებ ზოგიერთი ტექნიკური დეტალი და ფოტოები გაავრცელეს. რაც მთავარია, ცნობილი გახდა, რომ ელექტრომობილი შეზღუდული რაოდენობით დამზადდება და ბაზარზე მისი დებიუტი მერმისს შედგება.
ავტომობილს მამოძრავებელი ძალით ოთხი სინქრონული ელექტროძრავი უზრუნველყოფს, რომლებიც ბორბლების სიახლოვეს განლაგდება. მათი ჯამური სიმძლავრე 526 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 880 ნიუტონმეტრი იქნება. „მერსედესი“ განმარტავს მიზეზს, რომლის გამოც, ინჟინრებმა ძრავები ბორბლებში არ განალაგეს - ასე ხომ დაურესორებელი წონა გაიზრდებოდა, რაც ავტომობილის მართვადობას გააუარესებდა. ყოველ ძრავს „თავისი“ ერთსაფეხურიანი ტრანსმისია ემსახურება. ამასთან, ყველა ძრავი მუდმივ მოდებაშია, რის გამოც, ავტომობილი მუდმივად სრულამძრავიანია.
იმავდროულად, მუდმივად აქტიურია მაბრუნი მომენტის გამანაწილებელი სისტემა, რომელიც ყოველი ძრავის კონტროლის საშუალებას იძლევა - მათი მუშაობის ინტენსივობა საჭიროების შესაბამისად იცვლება. ამგვარად, მოსახვევების გავლისას, უზრუნველყოფილია მაქსიმალური ჩაჭიდება. თანაც, მინიმუმზეა დაყვანილი ჭარბი და არასაკმარისი მოხვევადბისადმი მიდრეკილება.
იმის გამო, რომ ელექტრომობილი სრულამძრავიანია, ინჟინრებმა საბაზო პლატფორმას დაკიდების სისტემა შეუცვალეს. მაგალითად, წინა ბორბლებს შასისთან აღარ აკავშირებს ორმაგი „ჩანგლები“. ისინი მრავალბერკეტიანმა სისტემამ შეცვალა. საკიდარს ამორტიზატორისა და ზამბარის წყვილთან მბიძგველი აკავშირებს.
ავტომობილი ასევე აღიჭურვა ეფექტური, კერამიკულ-კომპოზიტური სამუხრუჭე სისტემით, რომელსაც წინ 402 მილიმეტრი დიამეტრის და 39 მილიმეტრი სისქის, უკან კი 360 მილიმეტრი დიამეტრის და 32 მილიმეტრი სისქის დისკოები აქვს. გარდა ამისა, აღჭურვილობაში ასევე შედის ABS და ESP სისტემები.
ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი სატრანსმისიო გვირაბშია მოთავსებული. ის გაგრილების თხევადი სისტემითაა აღჭურვილი. ეს გვირაბი კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული და ის მთლიანადაა ინტეგრირებული ავტომობილის მზიდ სისტემასთან, რომელიც მთლიანად ალუმინისგან მზადდება. ავტომობილის მოძრაობისას, აკუმულატორი ენერგიის მარაგს, მუხრუჭებთან დაკავშირებულ, კინეტიკური ენერგიის რეგენერაციის სისტემისგან (კერს) ივსებს.
დაბოლოს, SLS AMG E-CELL-ის ტემპერამენტის შესახებ: ადგილიდან 100 კმ/სთ-ს ასაკრეფად მას 4 წამი ჰყოფნის. შედარებისთვის, შიდაწვის V8 ძრავით აღჭურვილ SLS AMG-ს იგივე სიჩქარის ასაკრეფად 3.8 წამი სჭირდება.
No comments:
Post a Comment