BMW i8 Spyder Concept Shows the Way for a Production Model
1 აპრილი
დაივიწყეთ, რომ 1 აპრილს ყველა იტყუება. მითუმეტეს, ამ ავტომობილის შესახებ, არაოფიციალური ინფორმაცია გუშინ უკვე გაგაცანით. ამჯერად, ამ ინფორმაციას თავად „ბეემვე“ ადასტურებს თავისი პრეს რელიზით, რომელიც ღია ელექტრომობილ „i8 სპაიდერის“ შესახებ უფრო მეტს მოგვითხრობს. და ფოტოებიც ოფიციალურია. ამ კონცეპტუალური ავტომობილის მსოფლიო პრემიერა მალე, პეკინის ავტო შოუზე ჩატარდება, თუმცა მანამდე ბავარიელები მისადმი ინტერესს ამ რელიზით და ფოტოებით აღვივებენ.
„i8 სპაიდერი“ კუპე i8-ს პლატფორმაზეა ბაზირებული და მისგანვე იზიარებს პლაგ-ინ ჰიბრიდულ სისტემას. თუმცა, მისგან განსხვავებით, მის სალონში მხოლოდ ორი სავარძელია (კუპეს შემთხვევაში, სავარძლების ფორმულაა 2+2). ამასთან, შედარებით მოკლე ბაზაც აქვს. გარდა ამისა, „სპაიდერს“ გაუმჭვირვალე კარები აქვს, რომლებიც პეპლის ფრთის სტილში იღება. ასევე შეცვლილია მანქანის უკანა ნაწილი - ძრავის ხუფი გამჭვირვალეა და მის შიგნით მოთავსებული აგრეგატების დანახვის საშუალებას იძლევა.
ბავარიელები ჯერ არაფერს ამბობენ მოსახსნელი სახურავის ტიპსა და მისი დასაკეცი მექანიზმის შესახებ. სამაგიეროდ ცნობილია, რომ კუპეს მსგავსად, ისიც კარბონის ბოჭკოთი გაძლიერებული პლასტიკის სტრუქტურას ეყრდნობა. იგივე მასალა ძარის ელემენტების წარმოებისასაც არის გამოყენებული.
შეგახსენებთ, რომ i8-ს პლაგ-ინ ჰიბრიდულ სისტემაში ორი ძრავია გაერთიანებული. ბაზაში, სავარძლების უკანაა მოთავსებული 1.5-ლიტრიანი სამცილინდრიანი ტურბოძრავი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე 220 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 300 ნიუტონმეტრი. ძრავს ორდისკოიანი ქუროთი უკავშირდება ტრანსმისია, რომელიც გადამუშავებულ მაბრუნ მომენტს უკანა ბორბლებს აწვდის. მეორე აგრეგატია ელექტროძრავი, რომელიც 129 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს ძრავი წინა ბორბლებს ატრიალებს. ორივე აგრეგატს ცალ-ცალკე და ერთად შეუძლია მანქანისთვის მამოძრავებელი ძალის მინიჭება. მათი ჯამური სიმძლავრე 349 ცხენის ძალას აღწევს, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 550 ნიუტონმეტრს.
ბეემვეს ინფორმაციით, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა „i8 სპაიდერს“ 5 წამში შეუძლია (კუპეს შემთხვევაში იგივე აჩქარება 4.6 წამში ესწრება). ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე კი, ელექტრონიკის მეშვეობით, 250 კმ/სთ-ითაა შეზღუდული. შეზღუდვა იმისთვისაა საჭირო, რომ არ მოხდეს აკუმულატორში დაგროვილი ენერგიის გადახარჯვა. კომბინირებულ რეჟიმში მუშაობისას, ავტომობილს ასი კილომეტრის გასავლელად 3.0 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის.
No comments:
Post a Comment