Friday, May 25, 2012

„მაკლარენის“ ბიჭები „ლოტუსს“ ფავორიტად მიიჩნევენ


McLaren duo say Lotus the car to beat after Monaco Grand Prix practice
25 მაისი
„მაკლარენის“ მრბოლები - ჯენსონ ბატონი და ლუის ჰამილტონი ამბობენ, რომ მონაკოს დიდი პრიზის თავისუფალ პრაქტიკებზე „ლოტუსი“ ფავორიტად გამოიკვეთა.
პირველ სესიაზე, საჭის პრობლემების გამო, კიმი რაიკონენმა ვერ ივარჯიშა და მეორე სესიაზეც, უამინდობის გამო, ცოტა წრე გაიარა. სამაგიეროდ, ორივე სესიაზე, მეორე უსწრაფესი იყო მისი თანაგუნდელი რომენ გროჟანი. სწორედ გროჟანის გამოსვლა აძლევს „მაკლარენის“ პილოტებს ასეთი ვარაუდის გამოთქმის საბაბს.

„ჩემი აზრით, ყველაზე სწრაფები „ლოტუსები“ არიან. ტრასის ნებისმიერ მონაკვეთში, მათი სისწრაფე შთამბეჭდავია. ამიტომ ვთვლი, რომ ჯერჯერობით, ყველა დანარჩენი მდევრის როლში ვართ“, - ამბობს ბატონი. მას ეთანხმება ჰამილტონი, თუმცა დასძენს, რომ არც სხვა გუნდები არიან შორს.
„ჯერჯერობით, „ლოტუსი“ გაცილებით სწრაფია. ჯერ ვერაფერს ვიტყვი „რედ ბულზე“. ეჭვი არ მეპარება, რომ ისინიც სწრაფები იქნებიან. „ფერარიც“ ძალიან სწრაფია. ტრასაზე ბევრი სწრაფი მანქანაა. მთავარია, კვალიფიკაციაზე საბურავების და მუხრუჭების გახურება მოვასწროთ და ტრასაზე ისეთ დროს გამოვიდეთ, რომ გზაზე ნაკლები მანქანა გადაგვეყაროს“, - ამბობს ჰამილტონი.
ბატონი აღიარებს, რომ მეორე პრაქტიკაზე მანქანა უკეთ მუშაობდა. პირველ პრაქტიკაზე ისეთი რამ დავაფიქსირე, რაც არ მომეწონა, მერე ის შევცვალეთ და მანქანა უკეთ ამუშავდაო. მართალია, ორი სესიის ჯამში, ყველაზე სწრაფი თავად იყო. მაგრამ თვლის, რომ ამას მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ, რადგან მანქანა ბოლომდე მოწესრიგებული ჯერ არ არისო...
არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც რბოლაში გაურკვევლობას შეიტანს. საქმე ისაა, რომ „პირელიმ“ მონაკოში რბილის ნაცვლად, სუპერ რბილი რეზინი ჩაიტანა. მისი ხეირიანად ტესტირება კი ვერცერთმა პილოტმა ვერ მოასწრო, რადგან მეორე სესიაზე გაწვიმდა. მსგავსი ამინდი კვალიფიკაციაზეც მოსალოდნელია. ასე რომ, არავინ იცის, რას უნდა ელოდოს ამ რეზინისგან. ამის გამო, რბოლისას ბევრი სიურპრიზია მოსალოდნელი.
„ყველანი ერთ ნავში ვიმყოფებით. ასე რომ, რბოლა საინტერესო, სახალისო იქნება“, - ამბობს ჰამილტონი.

No comments:

Post a Comment