Friday, May 25, 2012

„რენო ალპინ A110-50“ - ლეგენდა ბრუნდება (ვიდეო)

Renault Alpine A110-50 Concept with Nissan V6 Revealed
25 მაისი

როგორც დაგეგმილი ჰქონდა, „რენომ“ პარასკევს თავისი უახლესი კონცეპტუალური ავტომობილი „ალპინ A110-50“, საზოგადოებას ოფიციალურად მონაკოში წარუდგინა. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ეს არის ლეგენდარული „ალპინ A110 ბერლინეტას“ შექმნიდან 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით დამზადებული კონცეპცია.

„ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა ისეთი „ბერლინეტა“, როგორიც ჩვენ დროს იყო და რომელიც მოტორსპორტით „რენოს“ გატაცების თამამი გამოხატულება იყო. მასზე მუშაობისას, ჩვენ მეგზურობას ჩვენი გული და ემოციები გვიწევდა“, - განაცხადა „რენოს“ კონცეპტუალური და შოუ ავტომობილების დივიზიონის დირექტორმა აქსელ ბროინმა.
ამ ავტომობილის შემუშავება, „რენოს“ სუფთა ფურცლიდან შეეძლო დაეწყო, მაგრამ ფრანგულ კომპანიაში სხვაგვარად გადაწყვიტეს და სწორადაც მოიქცნენ - მათ კონცეპტუალურ ელექტრულ კუპე „დეზირის“ (რომლის წარმოებაც იგეგმება) სტილი დახვეწეს და მიღებული ძარა, სარბოლი „მეგან ტროფის“ (ამ ავტომობილის სერიული წარმოება სათუოა) შასის დაადგეს.
„ალპინ A110-50-ის“ ძარა კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული. ლეგენდარული „ალპინის“ მსგავსად, ისიც „ალპურ ლურჯ“ ფერში გამოაწყვეს, რომელთანაც ფორთოხლისფერი ზოლებია შეხამებული. კონცეპტუალური ავტომობილი სპორტული აეროდინამიკური ელემენტებით აღიჭურვა, როგორებიცაა წინა სპოილერი, უკანა დიფუზორი და ზორბა ფრთა, ასევე გვერდითა გამოკვეთილი კალთები.
კონცეპტუალური „დეზირისგან“ ახალ „ალპინს“ სხვა ელემენტებიც განასხვავებს. მაგალითად, შუაზე გაჭრილი (დეკორატიული ზოლით) შუქ-დიოდური ფარები, რომლებიც ყვითელ შუქს ასხივებს, ორივე გვერდის უკანა ნაწილში მოთავსებული ჰაერის ამღებები, რომლებიც ჰაერით რადიატორებს ამარაგებს, ასევე 21-დუიმიანი ბორბლები, რომლებიც „მიშლენის“ წარმოების, საბურავებითაა (რომლებსაც საგზაო ჰომოლოგაცია აქვს) შემოსილი.

ავტომობილი ორკარიანია. ორივე კარი ეგრეთ წოდებული მაკრატლის სტილში იღება - მათი წინა ნაწილი დამაგრებულია, უკანა კი ზევით იწევა. ამავე სტილში იხსნება უკანა კაპოტი (ძრავი ბაზაშია მოთავსებული), რომელსაც საყრდენი უკან აქვს და წინა საბარგული, რომელსაც საყრდენი წინ აქვს. სალონში მხოლოდ ორი ადგილი-კოკპიტია, როგორც სარბოლ ავტომობილებში. სავარძლები სარბოლი ღვედებითაა აღჭურვილი, საჭეც სარბოლია. მასზე ჩამონტაჟებულია ეკრანი, რომელიც იმავე დანიშნულებას ასრულებს,რასაც ფორმულა „რენო 3.5-ის“ ერთადგილიან სარბოლ ბოლიდებზე. რაც მტავარია, ამ ეკრანზე მძღოლს მისთვის სასურველი ნებისმიერი (მანქანის მდგომარეობის შესახებ) ინფორმაციის გამოტანა შეუძლია.


„რენო ალპინ A110-50-ის“ გაბარიტებია: სიგრძე 4330 მილიმეტრი, სიგანე 1960 მილიმეტრი, სიმაღლე 1230 მილიმეტრი, ბაზა კი 1625 მილიმეტრი (როგორც მეგან ტროფის). ძარა ფოლადის მილებით შეკრულ სივრცულ ჩარჩოზე ზის, რომელიც „მეგან ტროფის“ ანალოგიური სისტემის დაგრძელებული ვერსიაა. „მეგან ტროფისგან“ განსხვავებით, წინა და უკანა კვალი ოდნავ განიერია - 1680 მილიმეტრი წინ და 1690 მილიმეტრი - უკან. ავტომობილი მხოლოდ 880 კილოგრამს იწონის. ფრანგული კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წონის 47.8 პროცენტი წინა ბორბლებზე მოდის.
დაბოლოს, ძრავის შესახებ: „რენო ალპინ A110-50-ზე“ იგივე V4Y ძრავია გამოყენებული, რომლითაც აღჭურვილია „მეგან ტროფი“. ესაა „ნისანის“ წარმოების 3.5-ლიტრიანი V6, რომელიც ახალი „ალპინისთვის“ 400 ცხენის ძალამდე (7200 ბრ/წთ-ზე) და 422 ნიუტონმეტრამდე (6200 ბრ/წთ-ზე) გააძლიერეს. ძრავთან ნახევრად ავტომატური 6-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული, რომელიც გაზრდილი ხახუნის მქონე დიფერენციალის დახმარებით, მაბრუნი მომენტით უკანა წამყვან ბორბლებს ამარაგებს.

„რენო“ გვამცნობს, რომ მძღოლთან უკეთესი უკუკავშირისთვის, ავტომობილი არ აღჭურვეს ისეთი დამხმარე სისტემებით, როგორებიცაა ტრექშნ კონტროლი და ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემა. ავტომობილის დამუხრუჭებას წინ 356 მილიმეტრი დიამეტრის მქონე დისკოები და ექვსდგუშიანი სუპორტები უზრუნველყოფს, უკან კი - 330 მილიმეტრის დიამეტრის დისკოები და ოთხდგუშიანი სუპორტები.
ფრანგულ კომპანიას ჯერჯერობით არაფერი უთქვამს ამ ავტომობილის წაროების პერსპექტივის შესახებ. თუმცა ცნობილია „რენოს“ ხელმძღვანელობის განწყობა, რომელთაც სახელ „ალპინის“ აღდგენა და შესაბამისი ავტომობილის წარმოება სურთ.






ვიდეო


No comments:

Post a Comment