Monday, May 14, 2012

ალგერსუარი: მასას პრობლემა „მის თავშია“


Massa's problems 'in the head' - Alguersuari
14 მაისი
ფელიპე მასას დასვენება და თავის კარიერაზე ფოკუსირება სჭირდება იმისათვის, რომ ძველებურად ტოპ პილოტი გახდეს, - ამბობს „ტორო როსოს“ ყოფილი მრბოლი, ესპანელი ხაიმე ალგერსუარი, ვინც ამჟამად ბრიტანეთის რადიოში, რეპორტაჟების თანაკომენტატორად და „პირელის“ საბურავების გამომცდელად მუშაობს. ბრაზილიელი მრბოლის გაჭიანურებული კრიზისის შესახებ ალგერსუარი ამბობს, რომ ასეთი „რთული პერიოდი“ ნებისმიერს შეიძლება ჰქონდეს და რომ მისი დაძლევა მხოლოდ თავად მასას შეუძლია.

„ახლა მისთვის მთავარია, რომ გარე ზეწოლაზე არ იფიქროს და მთელი ყურადღება თავის საქმეს დაუთმოს. ზოგჯერ რაღაც ხდება, კონკურენტუნარიანობას კარგავ და არ იცი, რისი ბრალია ეს. მაგრამ უარესი მაშინ იწყება, როცა მერყეობ და საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი გეპარება. ნერვიულობ და შენს თანაგუნდელს აკვირდები. ამ დროს კი ყველაფერი უარესდება. სპორტის ელიტაში ყოფნა, როგორც ბევრს ჰგონია, მარტო შენს შესაძლებლობებზე არაა დამოკიდებული. ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად კარგად უნდა იყო მომზადებული და ტექნიკური ელემენტების კონტროლიც შეგეძლოს. დარწმუნებული ვარ, მასა ისევ სწრაფია და შეუძლია, ალონსოსავით ტოპ პილოტი, ან უფრო უკეთესიც გახდეს. რატომაც არა“, - ამბობს ალგერსუარი.
ის დასძენს, რომ ალონსოს და მასას მხოლოდ ერთი რამ ასხვავებს - მათს გონებაში არსებული ვითარება. „სწორედ ეს იძლევა განსხვავებას კარგსა და საუკეთესოს შორის“, - დასძენს ესპანელი.
და მაინც, გაზეთ „ო ესტადო დე სან პაულუს“ ფ1-ის პოპულარული მიმომხილველი ლივიუ ორიკიო ამბობს, რომ ფ1 მალე შეიძლება ბრაზილიელი პილოტების გარეშე დარჩეს - მასას გარდა, უფერულად გამოდის ბრუნო სენაც, რომლებმაც შესაძლოა, მალე თავიანთ გუნდებში ადგილები დაკარგონ.
„მრბოლების შეფასების საუკეთესო კრიტერიუმებს მათი თანაგუნდელები წარმოადგენენ. ამ შემთხვევაში, მათ (მასას და სენას) ძალიან მაღალი დონის ეტალონები ჰყავთ ფერნანდო ალონსოს და პასტორ მალდონადოს სახით. მასას მხოლოდ სასწაული თუ დატოვებს „ფერარიში“. მან ის უნდა გააკეთოს, რასაც უკვე ორი სეზონის, ვერ აკეთებს. კვალიფიკაციაში ალონსოსთან ახლოს იყოს და როლებში რეგულარულად აგროვოს ქულები. დაუბალანსებელი მანქანისა და მასას მიერ თავდაჯერებულობის დაკარგვის პირობებში, ეს ძალიან ძნელად მისაღწევი იქნება“. - ამბობს ორიკიო.

No comments:

Post a Comment