Monday, May 14, 2012

ელექტრომობილი „რენო ზოი“ მალე ევროპის დაპყრობას დაიწყებს


Renault expects Zoe EV to far outsell Nissan Leaf in Europe
14 მაისი
მალე „რენო“ კიდევ ერთი ელექტრომობილის - კომპაქტურ ჰეჩბეკ „ზოის“ წარმოებას დაიწყებს. ფრანგული კომპანია დარწმუნებულია, რომ ამ ავტომობილის გაყიდვები დაჩრდილავს თანაალიანსელი „ნისანის“ ელექტრომობილ „ლიფს“, რომელსაც მსოფლიოსა და ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილის წოდებები აქვს მოპოვებული.

ფრანგულ კომპანიას ამ ეტაპზე სულ ოთხი ელექტრომობილის წარმოება აქვს პროგრამაში. მათგან სამი - „კანგუ“, „ფლუენსი“ და „ტვიზი“, უკვე გამოიტანა ბაზარზე. მაგრამ ყველაზე მეტ გაყიდვებს სწორედ „ზოისგან“ ელის. „რენოს“ წლიურად 150 000 „ზოის“ წარმოების შესაძლებლობა აქვს და მისი მარკეტოლოგები მოელიან, რომ დროთა განმავლობაში, ამ სიმძლავრის სრულად ათვისება მოხერხდება.
გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპთან“ საუბრისას, „რენოს“ ელექტრომობილების პროექტების დირექტორმა ტიერი კოსკასმა განაცხადა, რომ ევროპის ბაზარზე, „ზოი“ პირველი ელექტრომობილია, რომელსაც მომხმარებელთა მასობრივი ბაზრის დაკმაყოფილება შეუძლია.
„ზოი“ დაახლოებით „ნისან ლიფის“ ზომისაა. ფრანგული ელექტრომობილის სიგრძე 4 084 მილიმეტრია, იაპონურისა კი - 4 445 მილიმეტრი. ორივე ჰეჩბეკია და ორივეს სალონში ხუთი ადამიანი თავსდება. მაგრამ „ზოის“ სოლიდური უპირატესობა აქვს გაცილებით დაბალი ფასის ხარჯზე, რაშიც „რენოს“ ინჟინრებს, უფრო ახალი ტექნოლოგიების გამოყენება დაეხმარა.
„ამ ორ ავტომობილს შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ „ზოი“ შემდეგი თაობის მანქანაა. „ლიფთან“ შედარებით, ის ბაზარზე ორი წლით გვიან გამოდის. „ზოის“ წარმოებისას გამოვიყენებთ ტექნოლოგიებს, რომლებსაც „ლიფის“ წარმოების დაწყებისას არ ვფლობდით. მაგალითად, მუხრუჭების ენერგიის აღდგენის სისტემას, სითბოს სატუმბს და ენერგოეფექტურ საბურავებს“, - დასძენს კოსკასი.
„ზოის“ საბაზო ღირებულება საფრანგეთში 15 700 ევრო იქნება. ამდენივე ის ევროპის ქვეყნების უმეტესობაში ეღირება. შედარებისთვის, საფრანგეთში „ნისან ლიფი“ 30 990 ევრო ღირს - თითქმის ორჯერ მეტი. ოღონდ, „ზოის“ ამ ფასში არაა გათვალისწინებული ელემენტების ბლოკის ფასი, რომელსაც მანქანის მყიდველი ლიზინგით შეიძენს. ლიზინგის პირობებით, სამი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად 79 ევრო იქნება გადასახდელი. და მაინც, ეს მას 3 000 ევროთიც ვერ გააძვირებს.
„ზოის“ სვლის სიშორეც ისეთი აქვს, რომ მყიდველისთვის მოსახერხებელი იქნება. კერძოდ, აკუმულატორის ერთი სრული დამუხტვით, მისი ტიპიური სვლის სიშორე 150 კილომეტრია. ცივ ამინდში, ეს მაჩვენებელი 100 კილომეტრამდე მცირდება, სვლის მაქსიმალური სიშორე კი 210 კილომეტრს აღწევს. შედარებისთვის, „ლიფის“ სვლის მაქსიმალური სიშორე 175 კილომეტრია.
აღსანიშნავია, რომ „ნისან ლიფი“ გლობალურ ბაზარზე იყიდება, თუმცა ევროპაში იაპონურ კომპანიას მასთან დაკავშირებით, მცირე ამბიცია აქვს. სამაგიეროდ, ძველ კონტინენტზე „ზოი“ ელექტრომობილებში ლიდერობას აპირებს.

No comments:

Post a Comment