Wednesday, May 9, 2012

ესპანეთში „მაკლარენი“ აწეული ცხვირით იასპარეზებს


McLaren set to switch to higher nose in Spanish Grand Prix
9 მაისი
ეს მოსალოდნელი იყო - მუჯელოში ტესტირების შემდეგ, „მაკლარენის“ შეფმა მარტინ უიტმარშმა განაცხადა, რომ მისი გუნდიც მანქანის მაღალცხვირიანი ვერსიის გამოყენებას აპირებს. მართალია, მანქანის ახალ ვერსიაზე ცხვირი გაცილებით მაღლაა აწეული, მაგრამ „მაკლარენმა“ მაინც უარი თქვა კეხზე, როგორითაც მისი მეტოქეების მანქანები გამოირჩევა.

მუჯელოში მაღალი ცხვირი ტესტების ბოლო, მესამე დღეს გამოსცადეს. უიტმარში ამბობს, რომ მისი პილოტები ამ ვერსიით ბარსელონას პრაქტიკებზე იასპარეზებენ და მხოლოდ კვალიფიკაციის წინ გადაწყდება, რბოლისთვის არჩევანს რომელზე შეაჩერებენ. დიდი ალბათობით, ეს მაღალცხვირიანი ვერსია იქნება.
„რეალური შანსია იმისა, რომ რბოლაშიც ეს ვერსია გამოვიყენოთ. ბარსელონაში ჩვენი მრბოლები ამ მანქანით პირველად გავლენ ტრასაზე. მუჯელოში ამ ვერსიის ბევრი მონაცემები ჩავწერეთ, რაც მანქანის კარგად მომართვაში დაგვეხმარება“, - ამბობს უიტმარში.
გამოცემა „ავტოსპორტის“ კითხვაზე, რა უპირატესობას იძლევა ასეთი დიზაინი, უიტმარში ამბობს, რომ აწეული ცხვირის წყალობით, ჰაერის უკეთ მოწესრგებული ნაკადი მიდის მანქანის უკანა ნაწილში:
„ყველა ცდილობს, რომ მანქანა ნაკლები წინააღმდეგობით და უკეთესი ჩაჭიდებით გამოირჩეოდეს. მანქანის სრულყოფისას, ამ ორს შორის უკეთესი შუალედის ძიებაში ვართ. ცხვირის აწევის გამო, ფრთის სამაგრი პილონებიც შევცვალეთ. ყველაფერი იმისთვის დაგვჭირდა, რომ თუ მანქანის წინა ნაწილში ჰაერის ოპტიმალურ ნაკადს შევქმნით, მანქანის დანარჩენი ნაწილები უფრო ეფექტურად იმუშავებს. რეგლამენტის შეზღუდვების გამო, მანქანის უკანა ნაწილში ბევრი რამის შეცვლა არ შეგვიძლია. ამიტომ, ჰაერის ნაკადს ისე მივმართავთ, რომ უკან მაღალი ეფექტურობით იმუშაოს. სრულყოფის პროცესში, ხშირად წვრილმანიც კი დიდ უპირატესობას გვაძლევს“.
უიტმარში დასძენს, რომ ბაჰრეინში ჩავარდნის შემდეგ, ბარსელონაში ისევ კარგი გამოსვლის იმედი აქვს, თუმცა გარანტირებული არაფერია, რადგან მეტოქეებიც ვითარდებიან და ბარსელონას კვალიფიკაციამდე ვერავინ იტყვის, სატესტო პაუზის დროს, ვის რა პროგრესი ჰქონდა.
„მჯერა, ესპანეთშიც კონკურენტუნარიანები ვიქნებით, მაგრამ არავინ იცის, სხვა გუნდებმა რამდენად წინ წაიწიეს. და ჩვენი სპორტის სიდიადე სწორედ ისაა, რომ სრულად თავდაჯერებული ვერასდროს იქნები და ვერც ყველაფერს ახსნი ბოლომდე. პირველ ოთხ რბოლაში, აშკარად ისეთი მანქანა გვყავდა, რომ წინა რიგებში ადგილებისთვის ვიბრძოდით. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სულ ასე იქნება. საჭიროა მუდმივი განვითარება, რატა სხვებმა არ გაგვასწრონ. ეს ყოველთვის ასეა და ასეთი დაძაბული პაექრობა, კიდევ უფრო სწრაფად განვითარების სტიმულს გვაძლევს. მუჯელოში სასარგებლო ინფორმაცია მოვიპოვეთ და ამ ინფორმაციის ეფექტურად გამოყენებას ბარსელონაში ვეცდებით“, - ამბობს უიტმარში.

No comments:

Post a Comment