Thursday, May 3, 2012

„ზაუბერს“ ორმაგი DRS ეძვირება


Sauber rules out double DRS as too expensive
3 მაისი
„ზაუბერს“ თითქმის გადაწყვეტილი აქვს, რომ უარი თქვას იმ ტიპის ჰაერსადინარის შემუშავებაზე, რომელიც ამ სეზონისთვის „მერსედესმა“ მოამზადა და რომელსაც ორმაგ DRS-ად მოიხსენიებენ. ამის მიზეზი ისაა, რომ მის შექმნასა და მანქანაზე ინტეგრირებას დიდი ფულადი სახსრები სჭირდება, რის ნაკლებობასაც შვეიცარიული გუნდი განიცდის.

აღნიშნული სისტემა სამქიმიანებს განსაკუთრებით კვალიფიკაციაზე ეხმარება. ის ისე მუშაობს, რომ უკანა ფრთიდან ჰაერის ნაკადის ნაწილს აგროვებს და სპეციალური მილებით, წინა ფრთებისკენ მიმართავს, რითაც მანქანაზე ჰაერის წინააღმდეგობას აბალანსებს. ეს სისტემა „რედ ბულმა“ და „ლოტუსმა“ გააპროტესტეს, მაგრამ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) პროტესტი უარყო, რის შემდეგაც, სხვა გუნდებმაც დაიწყეს მსგავსი სისტემების შემუშავება.
„ზაუბერში“ თვლიან, რომ ასეთ სისტემას კვალიფიკაციაზე ორი-სამი მეათედი წამის მოცემა შეუძლია. მაგრამ მსგავსი სისტემის შექმნა და მანქანაზე მორგება ძალიან ძნელი და ძვირადღირებული საქმეა, რისი საშუალებაც მხოლოდ მდიდარ გუნდებს აქვთ. „ზაუბერის“ მთავარი ინჟინერი მეტ მორისი ამბობს, რომ მისმა გუნდმა ჩაატარა ანალიზი, რომელმაც აჩვენა, რომ უმჯობესი იქნება, თუ გუნდის ხელთ არსებულ რესურსებს, სხვა გზით განვიტარებისთვის გამოიყენებენ.
„ამ საკითხზე ჩვენ გამოკვლევა ჩავატარეთ და დავადგინეთ, რომ ეს სისტემა იმ ეფექტს ვერ მოგვცემს, რომ ასე ძვირი გვიღირდეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისიც არ ვიცით, რამდენად ეფექტურად იმუშავებს ჩვენს მანქანაზე მსგავსი სისტემა. არაა გამორიცხული, რომ საპირისპირო შედეგი მივიღოთ. ამ სისტემის წყალობით, „მერსედსი“ კვალიფიკაციებზე წამის რამდენიმე მეათედს იგებს. მაგრამ მისი სრული ინტეგრირებისთვის, მანქანის ბევრი ნაწილი შესაცვლელი იქნება და მთავარი პრობლემაც ესაა“, - გამოცემა „ავტოსპორტთან“ საუბრისას ამბობს მორისი.
მუჯელოს ტესტებზე, „ზაუბერის“ მანქანაზე გარე მილაკები იყო დაყენებული, რამაც წარმოშვა ვარაუდი, რომ შვეიცარიული გუნდი ორმაგ DRS-ზე მუშაობს. მაგრამ მორისმა განაცხადა, რომ ისინი მანქანის უკანა ნაწილში მოქმედ აეროდინამიკურ ძალებს ზომავდნენ.

No comments:

Post a Comment