3 მაისი
იანვარში „ნისანმა“ საყოველთაო აღფრთოვანება
გამოიწვია ვიდეოფილმით, რომელზეც დუბაიში გადაღებული მინი შეჯიბრი იყო ასახული. იქ
ქუჩის მოკლე წრეზე ერთმანეთს იაპონური კომპანიის პატარა ქროსოვერ „ჯუკის“ R-მოდიფიკაცია
და სამი სუპერავტომობილი (ლამბორგინი გალიარდო LP560-4, ფერარი 458 იტალია და მერსედს
SLS AMG) შეეჯიბრა. და... „ნისანის“ პატარა მხეცმა ადვილად მოიგო!
ბუნებრივია, ამ ავტომობილის შეძენა ბევრმა ისურვა.
და „ნისანის“ მარკეტოლოგებიც მიხვდნენ, რომ ამ ავტომობილის მცირე რაოდენობით გამოშვება
ღირდა - მონსტრების მძლეველის კონცეპტუალურ ავტომობილად დატოვება ხომ გამოუსწორებელი
შეცდომა იქნებოდა. ეგ კი არა, იაპონურმა გადაწყვიტა, რომ მცირესერიული „ჯუკ-R“
უფრო მძლავრი ძრავითაც კი აღჭურვოს.
თუ დუბაიში გადაღებული ვიდეოს გმირი, სპორტქარ „ნისან
GT-R-ის“ 485-ცხენისძალიანი V6 ძრავით იყო აღჭურვილი, მის სერიულ ვერსიაზე, მოდიფიცირებული
„ნისან GT-R-ის“ 545-ცხენისძალიან ძრავს დააყენებენ და შასისაც გაუძლიერებენ, რათა
გაზრდილ სიმძლავრეს გაუძლოს.
„თავიდან „ჯუკ-R“ ერთჯერად, საჩვენებელ მოდელად იყო
ჩაფიქრებული. ის „ნისანის“ ორი ყველაზე ინოვაციური მოდელის შეჯვარებით მიღებული
პროდუქტია. დუბაიში კი ისეთი რეაქცია მივიღეთ, მათი უყურადღებოდ დატოვება არ
შეიძლებოდა. ხალხი იქვე გვთხოვდა ამ მანქანის მიყიდვას“, - ყვება პროექტ „ჯუკის“
მარკეტინგის მენეჯერი გარეტ დანსმორი და დასძენს, რომ მისმა კომპანიამ უკვე სამ
ასეთ ავტომობილზე უკვე მიიღო შეკვეთა.
„ასეთი რეაქციის და უკვე მიღებული სამი შეკვეთის
გამო, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ავტომობილი რეალობად ვაქციოთ. ვერ გავაწბილებთ იმ
ენთუზიასტებს, რომლებსაც საკუთარი კოლექციის შევსება სურთ. „ჯუკ-R“ ერთგვარ ფენომენად
იქცა და ძალიან ვამაყობ იმით, რომ ამ პროექტის ერთ-ერთი მონაწილე ვარ. ამ
ავტომობილის შესახებ სასიამოვნო ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, - ამბობს დანსმორი.
„ნისანი
აცხადებს, რომ „ჯუკ-R-ზე“ განაცხადების მიღებას მაისის ბოლომდე გააგრძელებს, შემდეგ
კი მიღებული შეკვეთების დაკმაყოფილებას შეუდგება. ჯერჯერობით უცნობია ავტომობილის
ფასი, თუმცა სავარაუდოდ, ის ექვსნიშნა რიცხვი იქნება.
No comments:
Post a Comment