Thursday, May 3, 2012

„ფერარი“ სიახლეებს ცდის


Ferrari begins testing of first step of major upgrade package
3 მაისი
ახალი გამოსაბოლქვი
მუჯელოს (იტალია) ავტოდრომზე დასასრულს მიუახლოვდა სამდღიანი ტესტები და „ფერარიმ“ ახლაღა დაიწყო თავისი მთავარი სიახლეების ტესტირება, სიახლების, რომელთა გამოყენებასაც ბარსელონას ეტაპზე აპირებს. ფერნანდო ალონსოს მანქანას ახალი გამოსაბოლქვი და განსხვავებული მოყვანილობის უკანა ნაწილი აქვს.
იტალიურ გუნდს სეზონის დაწყებამდევე ჰქონდა დაგეგმილი ეს სიახლეები. და ეს მანქანის სრულყოფის მხოლოდ პირველი ეტაპია, რომელსაც მორიგი სიახლეები ბარსელონაში მოჰყვება. „სკუდერია“ იმედოვნებს, რომ ესპანეთის დიდი პრიზიდან მოყოლებული, აღმავლობას დაიწყებს და ლიდერებთან ჩამორჩენის შემცირებას შეძლებს.
ბრიტანულ გამოცემა „ავტოსპორტის“ ტექნიკურმა კონსულტანტმა, ფორმულა ერთის ყოფილმა კონსტრუქტორმა გერი ანდეროსნმა განაცხადა, რომ ცვლილებებს გუნდისთვის სასურველი შედეგის მოტანა შეუძლია.
ძველი გამოსაბოლქვი
„მათ გამოსაბოლქვი მილები უფრო ტრადიციულ ადგილას გადაიტანეს. შესაძლოა, ამან ბევრი ხეირი არ მოუტანოს, მაგრამ არც უარყოფით ეფექტს მიიღებენ. ჩემი აზრით, პრობლემურ მანქანაზე, ეს გამოსაბოლქვისთვის საუკეთესო ადგილია. მთავარია, რომ მათ რადიატორიდან გამოსული ჰაერის ნაკადი და გამოსაბოლქვი ერთმანეთს დააშორეს. ეს ორი ჰაერსადინარი ისევ ახლოსაა ერთმანეთთან, მაგრამ რადიატორის სადინარი ამჯერად ქვევით დასწიეს. და ასე, ჰაერის ეს ორი ნაკადი ერთმანეთს ხელს აღარ შეუშლის“, - ამბობს ანდერსონი და დასძენს:
„ვფიქრობ, მათი მდგომარეობიდან გამომდინარე, ისინი გონივრულ კომპრომისზე წავიდნენ. მანქანის სრულყოფის მეორე ფაზაში, მათ ეს ექსპერიმენტი უნდა გააგრძელონ და ალბათ, ადრე თუ გვიან, რადიატორის სადინარს სხვაგან გადაიტანენ“
„ძნელია, მათი ცვლილებები ხარისხობრივად შეაფასო და თქვა, რა დროს მოაგებინებს წრეზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მცდარი იყო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გამოსაბოლქვის და რადიატორის სადინარები ერთ ბლოკში მოათავსეს. არასწორია, როცა რადიატორიდან გამოსულ დაბალი წნევის აირს მანქანის იმ ნაწილში მიმართავ, სადაც მაღალი წნევის ჭავლი გჭირდება. და მაინც ვიტყვი, რომ პოტენციურად, ეს სიახლე მათ წრეზე 2-3 მეათედ წამს მოაგებინებს“.

No comments:

Post a Comment