Tuesday, May 8, 2012

„ფოლკსვაგენი“ „პოლოს“ და Up!-ის ბაზაზე ორ ქროსოვერს ქმნის


Volkswagen to Develop Two Crossover Models Based on the Polo and the Up!
8 მაისი
„ფოლკსვაგენის“ ქროსოვერების გამას მალე ორი ახალი წევრი შეემატება - გერმანულ ბიზნეს გამოცემა „ჰანდელსბლატტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც დაუსახელებელ წყაროს იშველიებს, ვოლფსბურგელები მალე სუბკომპაქტურ და მასზე მომცრო ქროსოვერებს გამოუშვებენ. პირველი „პოლოს“ პლატფორმაზე აიგება და კონკურენციას „ნისან ჯუკსა“ და „ოპელ მოკას“ გაუწევს. მეორეს საფუძვლად კი კიდევ უფრო პატარა Up!-ს აიღებენ.
„ფოლკსვაგენის“ წარმომადგენლები ამ ინფორმაციას პირდაპირ არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. თუმცა, ეს უკვე ნიშნავს, რომ ამ ორი ავტომობილის წარმოების საკითხი დღის წესრიგში დგას. ამასთან, ისინი აღიარებენ, რომ მათი კომპანია უგზოობის ავტომობილების გამის გაფართოებით დაინტერესებულია, რადგან ისინი ევროპაში მზარდი პოპულარობით გამოირჩევიან.
გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპის“ ინფორმაციით, „ფოლკსვაგენს“ სურდა, რომ თავისი სუბკომპაქტური ქროსოვერი „სუძუკის“ საფუძველზე აეგო. შერჩეული იყო ავტომობილის სახელიც - „როკტონი“. მაგრამ იაპონურ კომპანიასთან ურთიერთობა გაუმწვავდა, რის გამოც, ამ გეგმაზე ხელის აღება მოუხდა. სამაგიეროდ, ახალი მოდულური პლატფორმა, ახალი ავტომობილის „პოლოს“ ბაზაზე შექმნის პერსპექტივას ზრდის.
რაც შეეხება უფრო პატარა ქროსოვერს, გერმანულმა კომპანიამ Up!-ის ბაზაზე შექმნილი რამდენიმე კონცეპტუალური ქროსოვერი უკვე გვიჩვენა, მათ შორის, „ბაგი Up!“ (ფოტოზე, ფრანკფურტში შარშან), „უინტერ Up!“ და „X Up!“ (ჟენევის წლვანდელ გამოფენაზე).
Up!-ის ბაზაზე ქროსოვერის შესაძლო გამოშვებაზე მიუთითებს „ფოლკსვაგენის“ სლოვაკური ქარხნის (სადაც ამ მინიავტომობილს უშვებენ) შეფ ალბრეხტ რაიმონდის ნათქვამი, რომ მალე ამ პატარა საქალაქო ავტომობილის ოჯახი სხვადასხვა ვარიანტის ავტომობილებით შეივსება. მას არ დაუკონკრეტებია, რა მოდელები იგულისხმება, თუმცა დასძინა, რომ „ქროსოვერები მისი კომპანიის ინტერესის სფეროშია“.
„ჰანდელსბლატტისვე“ ინფორმაციით, გერმანიის ბაზარზე, მინი ქროსოვერის ფასი 20 000 ევროზე გაცილებით დაბლა იქნება. შედარებისთვის, იქვე „ტიგუანის“ საბაზო ღირებულება 24 175 ევროა.

No comments:

Post a Comment