Tuesday, May 8, 2012

ახალი პატარა "ოპელის" სახელია "ადამი"

8 მაისი
ამის დასტური "ოპელმა" ამ დილით გაავრცელა. ახალ ავტომობილს, "ადამი" დაარქვეს. ალბათ მიხვდებით, რატომ...
150 წლის წინათ, ადამ ოპელი იყო ის პიროვნება, რომელმაც ახალი კომპანია ჩამოაყალიბა და მას თავისი გვარი მისცა. ადამ ოპელმა საქმიანობა 1862 წლის 21 იანვარს, საკერავი მანქანების წარმოებით დაიწყო. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, "ადამ ოპელი" კომპანიად ჩამოყალიბდა, ოთხ წელიწადში კი ველოსიპედების წარმოებაც დაიწყო. 1902 წელს კი ავტომობილების ჯერ დადგა...

"ადამი" სრულიად ახალი ავტომობილია და მას რომ ამ სახელს შეარქმევდნენ, ძნელი მისახვედრი არ უნდა ყოფილიყო. მისი მსოფლიო პრემიერა პარიზის მოტორ შოუზე, სექტემბერში გაიმართება. პრემიერამდე კი მისადმი ინტერესს "ოპელი" ალბათ შენიღბილი ავტომობილის ფოტოების და ტიზერების გავრცელებით "გაგვართობს". ცოტ-ცოტა ინფორმაციასაც მოაშველებს.
მაგალითად: ავტომობილი პატარაა, მაგრამ მისი გაბარიტებისთვის მოზრდილი სალონი აქვს, სადაც თავისუფლად თავსდება ოთხი ადამიანი, სამი კარი, სიგრძე სულ რაღაც, 3.70 მეტრი. "ფერადოვანი, დაკუნთული, მხიარული და მახვილგონიერი", - გერმანული კომპანიის მარკეტოლოგები ასე ადამიანურად აფასებენ "ადამს".
ავტომობილი გერმანიაში, ქალაქ რიუსელსჰაიმშია შემუშავებული, თუმცა ადრე გავრცელებული ინფორმაციით, მისი ბენზინის ძრავების გამა, „ჯენერალ მოტორსმა“ თავის ჩინელ პარტნიორთან, კომპანია SAIC-თან ერთად შექმნა. ამ გამაში შედის სამ და ოთხცილინდრიანი ძრავები, რომელთა მუშა მოცულობა 1.0-დან 1.4 ლიტრამდეა. ამ სერიის ძრავები საწვავის უშუალოდ შეფრქვევის სისტემებითაა აღჭურვილი და ისინი ევრო6 სტანდარტს შეესაბამება.
ჯერ დადგენილი არაა, თუ „ოპელის“ რომელ ავტომობილზე გამოიყენებენ ახალ ძრავებს, თუმცა დიდი ალბათობით, ეს სწორედ „ადამი“ იქნება. კომპანია SAIC-ი ამ სერიის ძრავებს MG-სა და „როევეს“ ავტომობილებისთვის გამოიყენებს და მათ ჩინეთშივე გამოუშვებს, „ოპელი“ კი მათ უნგრეთის ქალაქ შენგოთარდის ქარხანაში დაამზადებს.
„ოპელის“ მიერ პეკინის ავტო შოუზე გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ძრავები, ახლანდელ იმავე კლასის ძრავებზე 10 პროცენტით ეკონომიური იქნება. ამასთან, მათ მაბრუნი მომენტი 20 პროცენტით მაღალი ექნება.

No comments:

Post a Comment