Saturday, June 23, 2012

ფეტელი ისევ ევროპის დიდი პრიზის პოულზეა


Sebastian Vettel flies to European Grand Prix pole position
23 ივნისი
სებასტიან ფეტელმა ზედიზედ მესამედ მოიპოვა ევროპის დიდი პრიზის პოულ პოზიცია და დდ შანსი აქვს იმისა, რომ ვალენსიას ტრეკზე გამარჯვებათა ჰეთ-თრიკიც შეასრულოს. ამაში კი მას ყველაზე მეტად ხელს ლუის ჰამილტონი და პასტორ მალდონადო შეუშლიან, რომლებმაც შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილებიდან აიღებენ სტარტს.
ვალენსიაში გასწრება ძნელია და ამდენად, კვალიფიკაციაში მოპოვებულ ადგილებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. და რადგან, ვალენსიას კვალიფიკაციის პირველი სამეული იმ პილოტებმა დაიკავეს, რომლებსაც ამ სეზონში რბოლები უკვე მოგებული აქვთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტრადიცია ახლა მაინც დაირღვევა და მერვე ეტაპს მერვე გამარჯვებული არ ეყოლება.
მაგრამ საინტერესოა ისიც, რომ მოწინავე ათეულში ხუთი ისეთი პილოტია, ვისაც ჯერ არ მოუგია, მათ შორის ყველაზე კარგი შანსები კი რომენ გროჟანს და კიმი რაიკონენს აქვთ, რომლებიც სტარტზე შესაბამისად, მეოთხე და მეხუთენი განლაგდებიან. გამარჯვებამოშიებულთა შორის ასევე არიან კამუი კობაიაში და „ფორს ინდიას“ ორივე პილოტი - პოლ დი რესტა და ნიკო ჰულკენბერგი. თუმცა, ამათგან სიურპრიზები ნაკლებადაა მოსალოდნელი.
„ბიჭებო, ეს ნამდვილი გამოწვევა იყო და ჩვენ სწორად მოვიქეცით“, - რადიოთი მიესალმა თავის თანაგუნდელებს ფეტელი, რომელმაც კარიერაში 33-ე პოული მოიპოვა და ამ მაჩვენებლით, ალენ პროსტს და ჯიმ კლარკს გაუტოლდა. პრესკონფერენციაზე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა განაცხადა, ვგრძნობდი, რომ ბოლო წრეზე კარგ დროს ვაჩვენებდიო. „რედ ბულის“ შეფმა ქრისტიან ჰორნერმა განაცხადა, ეს ალბათ ამ სეზონში სებასტიანის საუკეთესო წრე იყოო.
თუ ფეტელი ვალენსიაში ზედიზედ მესამე გამარჯვებისთვის იბრძოლებს, ჰამილტონს და „მაკლარენს“ ესპანეთის ამ ქალაქის ქუჩებში ჯერ ერთხელაც არ მოუგიათ. ბრიტანელმა გაოცება ვერ დამალა იმ ფაქტის გამო, რომ კვალიფიკაცია მეორეზე დაასრულა: „ველოდი, რომ გაცილებით უკან ვიქნებოდი. რბოლის დაწყებამდე რაღაც-რაღაცები შევცვალეთ და როგორც ჩანს, ამან იმუშავა. ნებისმიერ შემთხვევაში, გაოცებული ვარ“.
აღსანიშნავია, რომ კვალიფიკაციის დროს, ტრეზე ასფალტის ტემპერატურა 46 გრადუსს აღწევდა.

ევროპის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)               1:38.086 
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            1:38.410 
3. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)         1:38.475 
4. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                   1:38.505 
5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         1:38.513 
6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:38.623 
7. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                          1:38.741 
8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1:38.752 
9. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:38.801 
10. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)             1:38.992 
- - - - - - - - - -                                           
11. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:38.707 
12. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                1:38.770 
13. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                           1:38.780 
14. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                        1:39.207 
15. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1:39.358 
16. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)              1:40.295 
17. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:40.358 
- - - - - - - - - -                                          
18. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)           1:40.203 
19. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:40.395 
20. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                 1:40.457 
21. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                1:42.171 
22. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)               1:42.527 
23. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                         1:42.675 
24. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                      არ გამოსულა



ასევე წაიკითხეთ (საინტერესოა)

ერთი-ერთზე ლე მანთან

No comments:

Post a Comment