23 ივნისი
ერთი თვის წინ, პასტორ მალდონადომ ესპანეთის დიდ
პრიზზე სენსაციური გამარჯვება მოიპოვა და მიუხედავად იმისა, რომ მოდევნო ორ
რბოლაში, სასტარტო ჯარიმების გამო, ჩავარდნა ჰქონდა, ისევ ესპანეთში, ოღონდ
ამჯერად ევროპულ დიდ პრიზზე, ის ისევ გამარჯვებისთვის ბრძოლას აპირებს.
ბარსელონაში მალდონადომ რბოლა პოულ პოზიციიდან
დაიწყო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პოულის მომგები ლუის ჰამილტონი, წესის დარღვევის
გამო ჩამოაქვეითეს. ამჯერად ვენესუელელი მრბოლი სტარტს მესამე პოზიციიდან აიღებს.
მის წინ კი ჰამილტონი და პოულის მფლობელი სებასტიან ფეტელი დადგებიან. გერმანელმა
ზედიზედ მესამედ მოიგო ვალენსიაში კვალიფიკაცია და რბოლის ზედიზედ მესამედ
მოგებასაც ეცდება. ისე კი, ამ სამიდან ნებისმიერის გამარჯვების შემთხვევაში,
სეზონის მთავარი ტრადიცია დაირღვევა - ჯერჯერობით, წინა შვიდივე ეტაპს სხვადასხვა
გამარჯვებული ჰყავს...
„გამარჯვებაზე არც ვფიქრობ, რადგან ეს ძალიან ძნელი
იქნება. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ურთულესი რბოლა გველის. მრბოლებსა და გუნდებს
შორის დროებში განსხვავება ძალიან მცირეა. ჩემს უკან ორი „ლოტუსი“ დგას, რომლებიც
ძალიან სწრაფები არიან. ბაჰრეინში ყველამ ვნახეთ, რომ ასეთ სიცხეში „ლოტუსი“
სწრაფია. ჩემი დროით კმაყოფილი ვარ, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, პოული ამეღო“, -
ამბობს მალდონადო.
ვალენსიას სარბოლი ტრასა ქალაქის განახლებული
პორტის გარშემო არსებულ გზებზე გადის. გზა ბეტონის კედლებში ზის და შედარებით
ვიწროა, რის გამოც, პილოტებს ტრაექტორიით პოზიციის დაცვა უადვილდებათ.
კვალიფიკაციის დროს, ასფალტის ტემპერატურამ 46 გრადუსს მიაღწია და სინოპტიკოსების
პროგნოზით, რბოლისას უფრო მეტადაც გაცხელდება.
„აქ გასწრება ძალიან, ძალიან ძნელია. ამიტომ,
ვალენსიაში რბოლა ყველასთვის განსაკუთრებული გამოწვევაა ხოლმე. წინა ეტაპებზე მუდმივად
კარგი სისწრაფე გვქონდა. ყოველთვის, როდესაც კვალიფიკაციაში კარგი შედეგი გვაქვს, რბოლაც
კარგი გამოგვდის. ასე რომ, რბოლაში კონკურენტუნარიანი უნდა ვიყო. ამ სიცხეში
რეზინი ძალიან მგრძნობიარე ხდება. სხვა მრბოლებს ველაპარაკე და ისინიც ასე თვლიან.
ასე რომ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, - ამბობს მალდონადო.
მართალია,
ვენესუელა ესპანურენოვანი ქვეყანაა, მაგრამ მალდონადო ვალენსიაში თავს შინ არ გრძნობს.
მაგრამ მას ტრიბუნაზე მაინც ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. სტარტ-ფინიშის სწორის ბოლოს,
ტრიბუნა სავსე იყო მისი თანამემამულეებით და მალდონადო აღიარებს, რომ მათ წინ
გავლა დიდ სიამოვნებას ანიჭებდა.
No comments:
Post a Comment