Friday, June 22, 2012

ლე მანზე წესები იცვლება


Le Mans rule changes for 2014 announced, engine restrictions eased
22 ივნისი
„აუტომობილ კლუბ დე ლ’უესტმა“ (ACO), რომელიც ლე მანის 24-საათიანი რბოლის ორგანიზატორია, 2014 წლიდან, რბოლის წესებში ცვლილებები შევა. ჯერ ახალი რეგლამენტი ჩამოყალიბებული არაა, თუმცა გამოცემა „რეისქარ ენჯინეარინგი“ გვატყობინებს, რომ ყველაზე პრესტიჟული, LMP1 კლასის ავტომობილები, მაქსიმალურად მიუახლოვდება საგზაო ავტომობილებს. ამასთან, ახალი რეგლამენტის წყალობით, რბოლები უფრო მიმზიდველი და დაძაბული გახდება.

ყველაზე დიდი ცვლილება ძრავებს შეეხება. კერძოდ, შერბილდება შეზღუდვები. ამჟამად მოქმედი რეგლამენტით, ბენზინზე მომუშავე ძრავის მაქსიმალური მოცულობა 3.4 ლიტრია, დიზელისა - 3.7 ლიტრი. გარდა ამისა, მოქმედებს შეზღუდვები ტურბოდამჭირხნებსა და მექანიკურ დამჭირხნებზე. ასევე ჰაერის შემშვების განივკვეთის ყელის დიამეტრზე. ყველა ეს შეზღუდვა წარსულს ჩაბარდება.
შეიძლება იფიქროთ, რომ ლე მანზე B ჯგუფის პროტოტიპების ეპოქა ბრუნდება, მაგრამ არც ასე იქნება. სხვადასხვა ტიპის ძრავების მომხმარებელ ავტომობილებს, თითო წრეზე დასახარჯი ენერგიის მაქსიმუმს განისაზღვრავენ. მანქანები სპეციალური საწვავმზომებით აღიჭურვება. ახალი წესით, დზელისძრავიან მანქანებს წრეზე 3.99 ლიტრი საწვავის მოხმარების უფლება ექნებათ, ბენზინის ძრავებისთვის მაქსიმუმი 4.95 ლიტრია. შემცირდება საწვავის ავზის მოცულობაც. ის ახლანდელზე 12 პროცენტით დაპატარავდება.
LMP1 კლასისთვის კიდევ ერთი შეზღუდვა ისაა, რომ მანქანის კოკპიტი აუცილებლად დახურული უნდა იყოს. ამასთან, პილოტის ადგილი (ახლანდელთან შედარებით) ოდნავ წინ წაიწევს და ამაღლდება. ამ ცვლილების მთავარი მიზანი, კოკპიტიდან ხედვის გაუმჯობესებაა. რეგლამენტის შემდგენლებს იმედი აქვთ, რომ ამ ცვლილების წყალობით, შემცირდება წრეზე ჩამორჩენილების გასწრებისას მოხდარი ინციდენტების რიცხვი.
მცირდება ავტომობილის წონაც. თუ ამჟამად LMP1 კლასის მანქანის მინიმალური წონა 900 კილოგრამია, ახალი რეგლამენტი ამ რიცხვს, არაჰიბრიდული მანქანებისთვის 830 კილოგრამამდე, ჰიბრიდებისთვის კი 850 კილოგრამამდე ამცირებს. აქ კიდევ ერთი შენიშვნაა - ყველა საქარხნო გუნდი ვალდებული იქნება, ჰიბრიდული სისტემით აღჭურვილი ავტომობილით იასპარეზოს.
ACO იმედოვნებს, რომ ახალი რეგლამენტის წყალობით, LMP1 კლასით ბევრი ავტომწარმოებელი დაინტერესდება, რომლებიც გაცილებით მძლავრსა და დახვეწილ ავტომობილებს შექმნიან, დანერგავენ ახალ ტექნოლოგიებს, რომლებსაც შემდგომში სერიულ წარმოებაში გამოიყენებენ.



ასევე წაიკითხეთ (საინტერესოა)

ერთი-ერთზე ლე მანთან

No comments:

Post a Comment