Opel will make its cars more affordable, CEO says
23 ივნისი
როგორც ჩანს, „ოპელი“ უარს ამბობს ბრემიუმ კლასში
გადასვლაზე. ყოველ შემთხვევაში, მისი მთავარი აღმასრულებელი კარლ-ფრიდრიხ შტრაკე
ამბობს, რომ მის კომპანიას, საკუთარ პროდუქციაზე ფასების შემცირება აქვს
გადაწყვეტილი, რათა ის მყიდველისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.
„ჩვენ ჩვენი კომპანიისთვის ტრადიციული
მომხმარებელთა ბაზა უნდა დავიბრუნოთ. საბაზრო სეგმენტებში „ოპელის“ აღმასვლა მეტად
ნაჩქარევი გამოდგა. ამაზე მეტი დრო იყო საჭირო. ამიტომ, ახლა ცოტას უკან დავიხევთ.
შევასრულებთ საჭირო კორექტირებას და უფრო ხელმისაწვდომი ავტომობილების წარმოებას
დავუბრუნდებით“, - ამბობს შტრაკე და დასძენს, რომ „ჯენერალ მოტორსი“ და მისი
ევროპული შტო, არ აპირებენ ახალი პროდუქტებისთვის საჭირო ინვესტიციების შეკვეცას.
არადა, ასე იქცევა ბევრი ევროპული კომპანია, რისი
მიზეზიც, ევროპული კრიზისი და ძველ კონტინენტზე ავტომობილების გაყიდვების კლებაა. მაგალითად,
ახლახანს „ფიატის“ მთავარმა აღმასრულებელმა სერჯო მარკიონემ განაცხადა, რომ მისი
კომპანია, პროდუქციის განვითარებისთვის საჭირო საინვესტიციო პაკეტს ნახევარი
მილიარდი ევროთი ამცირებს. პრობლემები აქვთ „რენოსა“ და „PSA
პეჟო სიტროენს“.
შტრაკე კი ირწმუნება, რომ „ოპელი“ გეგმებს არ ცვლის
და 2016 წლამდე ბაზარზე 23 ახალ და განახლებულ ავტომობილს გამოუშვებს. მათგან ზოგი
გერმანული კომპანიისთვის სრულიად ახალ სეგმენტში გამოვა. მაგალითად, უგზოობის სუბკომპაქტური
ავტომობილი „მოკა“ (ფოტოზე) და მინი ავტომობილი „ადამი“. გარდა ამისა, „ოპელი“ 13
ახალ ძრავსაც გამოუშვებს, რომლებიც ძრავების სამ ახალ ოჯახში გაერთიანდება.
„პროდუქტი მეფეა და მომავალი წარმატებების გასაღები“,
- ამბობს შტრაკე. წარმოების გამრავალფეროვნების პარალელურად, „ოპელი“ გაყიდვების ახალ,
უფრო ეფექტურ სტრატეგიებსაც შეიმუშავებს, მთავარი მიზანი, მომხმარებელთა შენარჩუნება
და ახლების მიზიდვა იქნება.
შტრაკე აღიარებს, რომ მისი მიზანი, „ოპელის“ სტაბილურად
მოგებიან საქმიანობაზე გადაყვანაა, თუმცა აღიარებს, რომ გაუარესებული ეკონომიკური კლიმატის
გამო, კონკრეტულ ვადებზე საუბრისგან თავის შეკავებას ამჯობინებს. მოგებაზე
გადასვლა უნდა უზრუნველყოს საწარმოო სიმძლავრეების მაქსიმალურად ათვისებამ,
წარმოების ეფექტურობამ და „ჯენერალ მოტორსის“ სხვა ბრენდებთან მჭიდრო
თანამშრომლობამ. დიდი მნიშვნელობა ასევე ამერიკული კომპანიის ახალ პარტნიორ „PSA
პეჟო სიტროენთან“ თანამშრომლობასაც ენიჭება.
რაც
მთავარია, შტრაკე ამბობს, რომ „ოპელის“ ავტომობილებზე ფასების გადახედვა არ
ნიშნავს, რომ გერმნანული კომპანია კონკურენციას ამერიკელ ნათესავ „შევროლეს“
გაუწევს. მისი თქმით, მყიდველი ამ ორ ბრენდს შორის კონკურენტებს ვერ ხედავს.
No comments:
Post a Comment