Wednesday, July 11, 2012

გაიცანით, 150 წლის ახალგაზრდა - „ოპელ ადამი“ (ვიდეო)

New Opel Adam Officially Unveiled, Ready to Take on the Fiat 500 and Mini
11 ივლისი
სათაურში სიტყვების თამაშია, რომელიც არც სიმართლისგანაა შორს. 150 წლისაა „ოპელი“, რომელიც ადამ ოპელმა დააარსა, ახალგაზრდა კი იმიტომ, რომ ის სწორედ ახალგაზრდა მყიდველისთვისაა განკუთვნილი და ახალგაზრდულადაც გამოიყურება. ისე კი, ახალშობილია (ალბათ მიხვდებით, ვისი სახელიც დაარქვეს). ამ სახელით „ოპელი“ ავტომობილს ჯერ არასდროს უშვებდა. ამ „პატარას“ (ზომებითაც ხომ ასეთია) ურთულესი მისია აქვს - მან კონკურენცია ორ ლეგენდარულ მოდელს - „ფიატ 500-ს“ (რომელსაც რაღაცით ჩამოჰგავს კიდეც) და „მინის“ უნდა გაუწიოს.
ბევრი იტყვის, რომ „ადამი“ ოდნავ სახეშეცვლილი „ფიატ ჩინკვეჩენტოა“, მაგრამ ამაზე „ოპელს“ თავისი (რა თქმა უნდა, სუბიექტური) შეხედულება აქვს და მას ასე განმარტავს: „სეგმენტში სხვა კონკურენტებისგან განსხვავებით, „ადამს“ რეტრო დიზაინთან საერთო არაფერი აქვს. ის სრულიად ახალი, გაბედული შესახედაობით გამოირჩევა, რითაც სიახლისადმი კარგად განწყობილ ადამიანებს მიიზიდავს, რომლებიც საავტომობილო მოდას, თავიანთი თამამი შეხედულებებით აყალიბებენ“. ამ განმარტებით, „ოპელი“ არამხოლოდ „ჩინკვეჩენტოს“, არამედ „მინისაც“ უტევს.
პატარა ორკარიანი ავტომობილის გარეგნობაში რამდენიმე დეტალი იქცევს ყურადღებას. ერთია „ოპელის“ საფირმო ნიშნად ქცეული ამონატვიფრები კარებზე, რომლებსაც ერთგვარი ბუმერანგის მოყვანილობა აქვს. მეორეა განსცვავებული და უფრო მომცრო ამონატვიფრი უკანა ფრთებზე, რომლებიც კარის სახელურის ფოსოს უერთდება და მასთან ერთად, საინტერესო მონახაზს ქმნის. მესამეა ამობურცული კაპოტი. კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანია რადიატორის ბადის ფორმა, რომელიც „ოპელის“ კორპორატიული სტილისთვის შეუსაბამოა, თუმცა ავტომობილს ინდვიდუალობას ანიჭებს. გარეგნობის კიდევ ერთი თავისებურებაა ეგრეთ წოდებული მოძრავი კარი, რომელიც მსხვილი უკანა საყრდენით გამოირჩევა. სახურავი ძარისგან განსხვავებულ, შავი ან თეთრი ფერით შეიღებება.
გერმანული კომპანია აცხადებს, რომ „ადამი“ A სეგმენტის პირველი ავტომობილია, რომელიც დღის გაბარიტული შუქდიოდური ფარებით აღიჭურვა. „მინის“ და „ჩინკვეჩენტოს“ მსგავსად, „ოპელიც“ მყიდველს „ადამის“ როგორც ექსტერიერის, ისე ინტერიერის ინდივიდუალური მოთხოვნების შესაბამისად გაწყობას სთავაზობს, რისთვისაც მრავალფეროვანი პაკეტები აქვს მომზადებული.

„ამ სეგმენტში, „ადამზე“ მეტად ინდივიდუალიზებული სხვა არცერთი ავტომობილი არ იქნება. ამის მიზეზი ისაა, რომ მყიდველს ექსტერიერის და ინტერიერის გაფორმების ფაქტობრივად ულიმიტო არჩევანს ვთავაზობთ როგორც ფერების, ასევე სალონის გაწყობის მხრივ. პრაქტიკულად გამორიცხული იქნება, რომ ორი ერთნაირი „ადამი“ სადმე ნახოთ“, - ამბობს „ოპელის“ და „ვოქსოლის“ დიზაინის განყოფილების ვიცე პრეზიდენტი მარკ ადამსი.
პატარა საქალაქო ავტომობილის აღჭურვილობაში შედს უმაღლესი კლასის ელექტრონული საინფორმაციო-გასართობი (ინფოტაინმენტ) სისტემა, რომელშიც 7-დუიმიანი მონიტორი შედის. მას აქვს ბლუთუთის ფუნქცია, ასევე სისტემას უერთდება სმარტფონი, თავისი ანდროიდისა და იოსის სისტემებით. მყიდველს დამატებითი ოპციის სახით, გათბობად საჭის რგოლსაც კი შესთავაზებენ, რაც ამ პატარა კლასში სიახლე იქნება.

დამხმარე აღჭურვილობაში შევა პარკირებისას დამხმარე მეორე ტაობის სისტემა, რომელიც პარკირებისთვის საკმარის სივრცეს დამოუკიდებლად ეძებს და მას შემდეგ, რაც შესაბამის ღილაკს დააწვებით, მანქანას თავისუფალ ადგილზე თავადვე მიმართავს. ამ დროს, მძღოლს მხოლოდ მუხრუჭების, ქუროს და კოლოფში გადაცემების კონტროლი მოუწევს.
რა თქმა უნდა, „ადამი“ უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებითაც უხვად აღიჭურვება. სტანდარტულ ეკიპირებაში შევა წინა, გვერდითა და თავის აირბალიშები, ასევე გვერდიითა აირ-ფარდები, ასევე წინა სავარძლების უსაფრთხოების ღვედების ორმაგი წინასწარ-დამჭიმავები. უკანა სავარძლებზე კი სპეციალური წერტილები ექნება, რომლებზეც საბავშვო სავარძლის დამაგრებას შეძლებთ. უკანა სავარძლები გაყოფილია და მათი ცალ-ცალკე დაკეცვა შეიძლება.

„ადამი“ ბაზირებულია ჰეჩბეკ „კორსას“ დამოკლებულ პლატფორმა SCCS-ზე (სმოლ ქომონ კომპონენტს ანდ სისტემ), რომელიც „ჯენერალ მოტორსის“ ევროპულმა შტომ და „ფიატმა“ ერთობლივად შეიმუშავეს. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სწორედ ამ პლატფორმაზეა ბაზირებული „ფიატ 500“. „ადამის“ გაბარიტებია: სიგრძე 3700 მილიმეტრი, სიგანე 1720 მმ, ბორბლებს შორის ბაზა - 2311 მმ. ამგვარად, სიგრძით ის უფრო ახლოსაა „მინისთან“ (3723 მმ, ბაზა 2467 მმ), ვიდრე „ფიატ 500-თან“ (სიგრძე 3546 მმ, ბაზა 2300 მმ).

ავტომობილის წინა ნაწილი მაკფერსონის სისტემას ეყრდნობა, უკან კი მრავალბერკეტიანი სისტემაა გამოყენებული. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება დაბალკლირენსიანი, სპორტული „ადამის“ შეკვეთა. სტანდარტულ ეკიპირებაში შევა სისტემა ESP და აღმართზე დაძვრის დამხმარე სისტემა.
„ადამის“ ძრავების გამაში ჯერ მხოლოდ სამი ოთხცილინდრიანი აგრეგატი (სერია ეკოფლექსი) შედის. სამივე ბენზინზე მუშაობს. ერთის მუშა მოცულობაა 1.2 ლიტრი და ის 69 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. დანარჩენი ორი 1.4-ლიტრიანია. მათგან ერთი 86 ცხენის ძალას, მეორე კი 99 ცხენის ძალას იძლევა. ყველა ძრავთან შესაწყვილებლად განკუთვნილია 5-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი. ასევე, მყიდველს სისტემა სტარტ-სტოპის შეკვეთაც შეუძლია.
„ოპელი“ ჯერ თავისი ახალი პატარა ავტომობილის ტექნიკურ-ეკონომიკურ მახასიათებლებს არ აქვეყნებს. როგორც ჩანს, რიუსელსჰაიმელები ამ ინფორმაციას „ადამის“ მსოფლიო პრემიერისთვის ინახავენ, რომელიც პარიზის მოტორ შოუზე ჩატარდება. მისი გაყიდვები კი პრემიერიდან მოკლე ხანში დაიწყება.

ვიდეო


No comments:

Post a Comment