Wednesday, July 11, 2012

ჰამილტონი „ლოტუსში“? რატომაც არა!

Lewis Hamilton ready for Lotus Formula 1 team switch talks amid McLaren crisis

11 ივლისი
ახლა ფორმულა ერთში „სილი სეზონია“ გახურებული და ასეთ სათაურებს ხშირად წაიკითხავთ, თუმცა ზოგიერთ მათგანს რეალობასთან მართლაც ბევრი რამ შეიძლება აკავშირებდეს. და მაინც, ტაბლოიდების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, მეტწილად მეტი ყურადრების მიქცევისთვის იბეჭდება და სიმართლესთან ნაკლები რამ აკავშირებს. მაგრამ, როდესაც ლუის ჰამილტონის „ლოტუსში“ გადასვლაზეა ლაპარაკი, ეს ნებისმიერ შემთხვევაში საინტერესოა.
მოკლედ, ამ ინფორმაციას ბრიტანული „დეილი მეილი“ აქვეყნებს. ეს პირველი გაზეთია, რომელმაც მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონის სახელი „ლოტუსთან“ დააკავშირა. მთავარი ისაა, რომ ჰამილტონს „მაკლარენთან“ კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება.
„მაკლარენი“ მოწინავე გუნდია და ალბათ, ასეთადვე დარჩება, მაგრამ ჰამილტონს უკვე მხოლოდ ეს აღარ აკმაყოფილებს. მას მეტი ხელფასის და იმ თასების მიღებაც სურს, რომლებსაც „მაკლარენთან“ ერთად დაუფლებია. სხვათა შორის, ამ ტასებზე მას სერიოზული პრეტენზია აქვს, რაზეც უოკინგელები არ ყაბულდებიან.
ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ამ სეზონში, „მაკლარენი“ ლიდერიდან მდევრის როლში აღმოჩნდა. და ბრიტანული ეტაპის შემდეგ, ჰამილტონი ჩემპიონატის ლიდერ ფერნანდო ალონსოს 37 ქულით ჩამორჩება. მაგრამ ამაზე თურმე „მაკლარენის“ შეფი მარტინ უიტმარში ამაზე არ დარდობს. ყოველ შემთხვევაში, „დეილი მეილის“ კითხვაზე, ხომ არ შიშობთ, რომ ლუისი სხვაგან წავაო, ასე პასუხობს: „არა, ვფიქრობ, ის საზრიანია და იცის, რომ ასე არ უნდა მოიქცეს. მას სურს ამ გუნდში დარჩენა და ვფიქრობ, ასეც მოიქცევა“.
სილვერსტოუნის შემდეგ კი ჰამილტონმა პირდაპირ განაცხადა, რომ „მაკლარენმა“ სასწრაფოდ უნდა მიაგნოს ტექნიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც ლიდერთა შორის დააბრუნებს. ეს არ ნიშნავს, რომ ის გადასვლაზე ფიქრობს, თუმცა გუნდში შექმნილი თითქმის კრიზისული სიტუაცია და მისი პილოტების თუნდაც გამოზომილი მოსაზრებები, ათასი ჭორის წარმოქმნას უწყობს ხელს.
რაც შეეხება „ლოტუსს“, ეს გუნდი „დეილი მეილმა“ უბრალოდ მოიხსენია და მისი სახელი სათაურში შეიტანა - ჭიქაში ქარიშხლის ასატეხად ესეც საკმარისია...


ასევე წაიკითხეთ (საინტერესოა)

ერთი-ერთზე ლე მანთან

No comments:

Post a Comment