11 ივლისი
მარკ უებერი ამბობს, რომ ფორმულა ერთიდან წასვლაზე ჯერ
არ ფიქრობს და რომ, ახლახანს „რედ ბულტან“ ერთი წლით გაგრძელებული კონტრაქტი ბოლო
არაა. ავსტრალიელ მრბოლს აგვისტოში 36 წელი შეუსრულდება. მაგრამ სპორტისთვის
სოლიდური ასაკის მიუხედავად, მომავალი სეზონი მისთვის ფ1-ში ბოლო სეზონი არ
იქნება. ის ამბობს, რომ ფ1-ში კარიერის გაგრძელებას აპირებს.
„ჩემი ასაკის გამო, ხშირად მეკითხებიან, თუ როდის
ვაპირებ წასვლას. მაგრამ ახლა ამაზე არ ვფიქრობ. კონტრაქტი მხოლოდ ერთ სეზონზეა,
მაგრამ ფ1-ში ამაზე მეტხანს დარჩენას ვაპირებ. რა თქმა უნდა ვიცი, რომ კარიერის
დასასრულს ვუახლოვდები. ამიტომ, შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენებას ვაპირებ.
წლებს გამოცდილება მოაქვს, ეს კი კარგ შედეგებში აისახება. ამიტომ, უფრო დიდხანს
დარჩენა გინდება. ფ1-ის მანქანისგან მაქსიმუმის მიღება, როცა მსოფლიოს საუკეთესო
მრბოლებთან იბრძვი, ძალიან ძნელი და საპატიო საქმეა“, - ბიბისისთვის დაწერილ
სვეტში ამბობს უებერი.
ავსტრალიელი, ვინც ახლახანს ბრიტანული ეტაპი მოიგო,
აღიარებს, რომ მოლაპარაკება ჰქონდა „ფერარისთან“, მაგრამ „რედ ბულს“ მეტისმეტად
ბევრი დადებითი აქვს იმისათვის, რომ მისი დატოვება გადამეწყვიტაო. რაც მთავარია,
ამ სეზონში ტიტულისთვის ბრძოლის საქმეში, გუნდისგან სრული მხარდაჭერის აღთქმა
მიიღო.
„დარწმუნებული
ვარ, ყველა აცნობიერებს, თუ რა მიმზიდველობა აქვს „ფერარის“ მანქანით რბოლაში
მონაწილეობის პერსპექტივას. მაგრამ საერთო ჯამში, „რედ ბულს“ ძალიან ბევრი დადებითი
თვისება აქვს იმსიათვის, რომ ის დამეტოვებინა. ამიტომ, გადაწყვეტილების მიღება არ
გამჭირვებია. ის ორი წლის შექმნილი იყო, როცა აქ გადმოვედი და მას შემდეგ, ერთად
ფანტასტიურ გუნდად ჩამოვყალიბდით. წინა ორ სეზონში, პილოტების და კონსტრუქტორების
ტიტულები მოვიგეთ და ამ სეზონშიც მათთვის ვიბრძვით. და ძნელია ისეთი გუნდის
დატოვება, რომელიც ასეთ კარგ შანსს გაძლევს. რა თქმა უნდა, ტიტულისთვის ჩემი
ბრძოლის შესაძლებლობებიც განვიხილეთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სხვა გუნდში
გადასვლაზე ფიქრი, საქმეს ძალიან გამირთულებდა. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი
ფაქტორი იყო, მაგრამ არა მთავარი“, - დასძენს უებერი.
ასევე წაიკითხეთ (საინტერესოა)
No comments:
Post a Comment