Sunday, July 8, 2012

უებერის ბრწყინვალე გამარჯვება სილვერსტოუნზე

Webber wins in the Silverstone sunshine
8 ივლისი
ავსტრალიელი მარკ უებერის შესანიშნავი გამარჯვებით დასრულდა ბრიტანეთის დიდი პრიზი, რომელსაც არც გასწრებები აკლდა და არც ტაქტიკურად გამოზომილი ბრძოლები. მის მიწურულს კი, უებერმა რამდენიმე წარუმატებელი ცდის შემდეგ, მაინც ჩამოიტოვა ლიდერი ფერნანდო ალონსო და დამსახურებულად დაიკავა კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური.
ალონსომ, ვისაც სილვერსტოუნის შარშანდლი რბოლა აქვს მოგებული, სტარტი პოულიდან აიღო და რბოლის უმეტესი ნაწილი ლიდერის რანგშიც გაატარა, მაგრამ მას შემდეგ, რაც რბილ საბურავებზე გადავიდა, ტემპიც დაკარგა და ავსტრალიელი მეტოქის შეტევებსაც ვერ გაუძლო.
ამგვარად, ალონსოს მსგავსად, უებერმაც ამ სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა და საერთო ჩათვლაში, კიდევ უფრო მიუახლოვდა ალონსოს, რომელმაც ლიდერობა შეინარჩუნა. ის ახლა 13 ქულას უგებს „რედ ბულის“ 35 წლის პილოტს, რომელსაც თავის მხრივ, 16 ქულით ჩამორჩება გერმანელი თანაგუნდელი სებასტიან ფეტელი, რომელმაც რბოლა მესამე ადგილზე დაასრულა.
„შესანიშნავი დღეა ჩვენთვის და განსაკუთრებით ჩემთვის. ფანტასტიურია, აქ ისევ მოვიგე. მგონი, რბოლის მიწურულს ფერნანდოს მანქანის ბალანსი დარღვეული ჰქონდა. მაგრამ ამისგან არცერთი ჩვენგანი დაზღვეული არაა“, - განაცხადა უებერმა, ვინც ამ სეზონში პირველი გამარჯვება მონტე კარლოში მოიპოივა. სხვათა შორის, ორი წლის წინაც, სილვერსტოუნზე გამარჯვება რომ მოიპოვა, მაშინაც სტარტი მეორე პოზიციიდან აიღო.
მეოთხე ადგილი ფელიპე მასამ დაიკავა - როგორც იქნა, ბრაზილიელმა გამოიღვიძა და თუ ასე გააგრძელებს, მომავალი სეზონისთვისაც სკუდერიაში ადგილი განაღდებული ექნება. საინტერესოა, რომ 2010 წლის სეზონის შემდგ ეს მისი საუკეთესო შედეგია. ბრაზილიელის ფანებს იმედს ის ფაქტიც უსახავს, რომ მასა გამარჯვებულს მხოლოდ 9 წამით ჩამორჩა.
მორიგი ჩავარდნა ჰქონდა „მაკლარენს“, რომელსაც ორმა ბრიტანელმა მრბოლმა მხოლოდ 5 ქულა მოუტანა, რომელთაგან 4 ლუის ჰამილტონის ანგარიშზეა, ერთი კი - ჯენსონ ბატონისა. ჰამილტონმა სტარტიც მერვედან აიღო და ფინიშზეც მერვე მივიდა. მისი თანაგუნდელი მე-10 ადგილს დასჯერდა. სხვათა შორის, ეს სილვერსტოუნზე მისი მე-13 გამოსვლა იყო და ამ 13 რბოლაში, ერთხელაც არ ასულა მეოთხე ადგილზე ზემოთ. უოკინგელებისთვის ყველაზე არასასიამოვნო ისააა, რომ ამ რბოლას ისინი იმედით უყურებდნენ - ამის საფუძველს მათ მანქანის კონსტრუქციაში შეტანილი ცვლილებები აძლევდა...
ნარბოლევს ჰამილტონი გაოცებული იყო - წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მოხდა, რომ რბოლა იმავე პოზიციაზე დავასრულე, რომელზეც დავიწყე, თავი არ დამიზოგავს და გუნდმაც კარგად იმუშავა, მაგრამ სიჩქარე აშკარად გვაკლდაო. აღსანიშნავია, რომ პირველ პიტსტოპზე, „მაკლარენმა“ ორივე პილოტს რეზინი 2.8 წამში შეუცვალა...

კვლავ ინციდენტში მოყვა პასტორ მალდონადო, რომლის აბორდაჟსაც ამჯერად სერხიო პერესი ემსხვერპლა. ინციდენტი მე-12 წრეზე მოხდა მას შემდეგ, რაც ორივემ პიტსტოპი შეასრულა. ტრასაზე დაბრუნებულმა მექსიკელმა გასწრება სცადა და თითქოს, საწადელსაც მიაღწია, მაგრამ გამოსასვლელში მალდონადოს, ვისა აშკარად არ ჰქონდა დათმობის სურვილი, მანქანა მოუცურდა. მისმა „უილიამსმა“ პერესის „ზაუბერიც“ თან გაიყოლა. პერესისთვის რბოლა იქვე დასრულდა, მალდონადომ კი რბოლა განაგრძო და ისე რომ სხვა აღარ დაუზარალებია, ფინიშის ხაზთან მე-16 მივიდა.
„ეს ბიჭი ჭკუას ვერასდროს ისწავლის, თუ ისინი (სტიუარდები) რამეს არ მოიმოქმედებენ. ის ვიღაცას ძალიან დააზარალებს. მისი ყველას ეშინია“, - განაცხადა პერესმა. ვენესუელელმა თავი იმართლა - რა მექნა, მანქანაზე კონტროლი დავკარგეო. მისი განმარტებით, მართალია, DRS გახსნილი ჰქონდა, მაგრამ ჩვეულებრივზე ადრე დაამუხრუჭა. მაგრამ მანქანა მოუცურდა, რისი მიზეზიც ის იყო, რომ პერესის მანევრის გამო, არახელსაყრელ ტრაექტორიაზე იდგა. მოკლედ, ეს შეცდომა მალდონადოს 10 000 დოლარი და გაფრთხილებად დაუჯდა.
ინციდენტს ვერც პერესის იაპონელი თანაგუნდელი კამუი კობაიაში გადაურჩა, ოღონდ ამაში დამნაშავე თავად იყო - პიტსტოპზე შესვლისას, გარაჟს გასცდა და თავისი რამდნიმე მექანიკოსიც წააქცია. საბედნიეროდ, სერიოზულად არავინ დაუშავებია. სამაგიეროდ, ზედმეტი რისკის გამო, ჯარიმის სახით, 25 000 დოლარის გადახდა მოუწევს.
რბოლის დასაწყისში, ინციდენტი გროჟანს და პოლ დი რესტასაც შეემთხვათ. ფრანგის „ლოტუსი“ ბრიტანელის „ფორს ინდიას“ პირველივე წრეზე, წინა ფრთით უკანა მარჯვენა ფრთაზე დაეჯახა. დი რესტასთვის რბოლა იქვე დასრულდა, ფრანგს კი ბოქსში დაუგეგმავი ვიზიტი დასჭირდა, რის მიუხედავადაც, რბოლა მაინც მეექვსემ დაასრულა...
დაბოლოს, სტარტზე გამოსვლაც ვერ შეძლო რუსმა ვიტალოი პეტროვმა, ვისაც გასახურებელ წრეზე ძრავი გაუჩერდა.











ბრიტანეთის დიდი პრიზი
სილვერსტოუნი. დისტანცია 306.198 კმ (52 წრე, 5.891 კმ)
1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                      1:25:11.288
2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    +00:03.060
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)                00:04.836
4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                              00:09.519
5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                           00:10.314
6. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                    00:17.101
7. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                  00:29.153
8. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)             00:36.463
9. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                           00:43.347
10. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                00:44.444
11. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                        00:45.370
12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)           00:47.856
13. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)       00:51.241
14. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            00:53.313
15. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                    00:57.394
16. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)       1 წრე
17. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)               1 წრე
18. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                            1 წრე
19. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                          1 წრე
20. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                 2 წრე
21. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)               2 წრე
. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                           41 წრე
. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)               50 წრე
სტ. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                53 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა, სტ - სტარტზე არ გამოვიდა
უსწრაფესი წრე: კიმი რაიკონენი - 1:34.661, 50-ე წრე


მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ფერნანდო ალონსო - 129 ქულა; 2. მარკ უებერი - 116; 3. სებასტიან ფეტელი - 100; 4. ლუის ჰამილტონი - 92; 5. კიმი რაიკონენი - 83; 6. ნიკო როსბერგი - 75; 7. რომენ გროჟანი - 61; 8. ჯენსონ ბატონი - 50; 9. სერხიო პერესი - 39; 10. პასტორ მალდონადო - 29; 11. პოლ დი რესტა - 27; 12. მიხაელ შუმახერი - 23; 13. ფელიპე მასა - 23; 14. კამუი კობაიაში - 21; 15. ბრუნო სენა - 18; 16. ნიკო ჰულკენბერგი - 17; 17. ჟან-ერიკ ვერნი - 4; 18. დანიელ რიკიარდო - 2

კონსტრუქტორთა პირველობა
1. რედ ბულ-რენო - 216 ქულა; 2. ფერარი - 152; 3. ლოტუს-რენო - 144; 4. მაკლერნ-მერსედესი - 142; 5. მერსედესი - 98; 6. ზაუბერ-ფერარი - 60; 7. უილიამს-რენო - 47; 8. ფორს ინდია-მერსედესი - 44; 9. ტორო როსო-ფერარი - 6



ასევე წაიკითხეთ (საინტერესოა)

ერთი-ერთზე ლე მანთან

No comments:

Post a Comment