7 ივლისი
22 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „რენომ“ თავის
პოპულარულ ჰეჩბეკ „5-ის“ ნაცვლად, ბაზარზე სუბკომპაქტური ჰეჩბეკი „კლიო“ გამოუშვა.
ამ დროში, მსოფლიოს 115-ზე მეტ ქვეყანაში, 11.5 მილიონზე მეტი „კლიო“ გაიყიდა. და
აი, ფრანგულმა კომპანიამ წარმოებისთვის მეოთხე თაობის „კლიო“ მოამზადა, რომლის
მსოფლიო პრემიერაც პარიზის მოტორ შოუზე გაიმართება. მანამდე კი რომბებმა ამ ავტომობილის
ფოტოები და მახასიათებლები ინტერნეტით გამოაქვეყნეს.
„ახალი „კლიო“ ჩავიფიქრეთ, როგორც მგრძნობიარე
სკულპტურის ნაწილი, რომელიც სურვილებს აღძრავს. მისი დაკუნთული ტანი,
კონცეპტუალური „დეზირის“ მსგავს დინამიურობას გამოხატავს. აქ ვერ შეხვდებით
მახვილსა და აგრესიულ დეტალებს. ყურადღებას მხოლოდ მომრგვალებული ფორმები იქცევს,
რომელთა შემხედვარესაც, გინდა მიხვიდე და მიეალერსო“, - ახალი „კლიოს“ დიზაინს ასე
ორიგინალურად აფასებს ფან დენ აკერი.
რაც შეეხება ინტერიერს, მისი შემქმნელების განმარტებით,
მაჩვენებლების დაფა, თვითმფრინავის ფრთის შთაგონებით შეიქმნა. საჭის რგოლის უკან, პანელის
შუაში მოთავსებულია ციფრული სპიდომეტრი. დაფის ცენტრალური ნაწილი კი
მინიმალისტურადაა შესრულებული და აქ მთავარ როლს 7-დუიმიანი მონიტორი ასრულებს,
რომელსაც მრავალი ფუნქციის შესრულება (მათ შორის, ნავიგაციის) შეუძლია. ახალი „კლიოს“
ყველა ვერსია აღიჭურვება ხმის სისტემით, რომელიც წინა კარებშია ჩამონტაჟებული.
„რენოს“ ახალი „კლიოს“ ექსტერიერისა და ინტერიერის
პერსონალიზაციის პროგრამა აქვს შემუშავებული, რაც მყიდველს, ინდივიდუალური
მოთხოვნების შესაბამისად დაკომპლექტებული ავტომობილის ყიდვის შესაძლებლობას
მისცემს. ამ პროგრამაში შედის: ფერის შერჩევა, კარების განსხვავებული დეტელაბით
გაწყობა, მაჩვენებლების დაფის შეცვლა, საჭის რგოლის და გადაცემათა კოლოფის
ბერკეტის შეცვლა, სალონის სხვა მასალებით გაწყობა და სხვა.
და, რა თქმა უნდა, მთავარი - „კლიოს“ ტექნიკური
აღჭურვილობა. თავიდან ამ ავტომობილისთვის მხოლოდ ორი ძრავია გათვალისწინებული.
მათგან ერთია ბენზინის 0.9-ლიტრიანი სამცილინდრიანი (ენერჯი TCe)
აგრეგატი, რომელიც 89 ცხენის ძალას და 135 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ასეთი
ძრავით აღჭურვილი ავტომობილი ას კილომეტრს 4.3 ლიტრი საწვავით გაივლის, ყოველი
კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროს მხოლოდ 99 გრამი ნახშირორჟანგით დააბინძურებს.
მეორე ძრავი ოთხცილინდრიანი, 1.5-ლიტრიანი ტურბო დიზელია,
რომლის სიმძლავრე, ასევე 89 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 220 ნიუტონმეტრი.
ამ ძრავით აღჭურვილი „კლიო“ ას კილომეტრს სულ რაღაც, 3.2 ლიტრი საწვავით
გაგატარებთ (CO2-ის შემცველობა უცნობია).
გარდა ამისა, მალე გამას ბენზინის 1.2-ლიტრიანი,
ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავი შეემატება (TCe 120), რომლის სიმძლავრე 118
ცხენის ძალა, მაქსიმალური მომენტი კი 190 ნიუტონმეტრია. ამ აგრეგატს, სტანდარტულ
ეკიპირებაში, წყვილდისკოიანი ქურის მეშვეობით, 6-საფეხურიანი კოლოფი შეუწყვილდება.
ფრანგული კომპანია გვპირდება, რომ პარიზული დებიუტიდან
ცოტა ხანში, მყიდველს „კლიოს“ სპორტულ ვერსია „რენოსპორტს“ შესთავაზებს, რომელიც
ბენზინის 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც,
200 ცხენის ძალის ფარგლებში იქნება.
დაბოლოს,
მეოთხე თაობის „კლიოს“ რომბები თავიანთ ფლინსის (საფრანგეთი) და ბურსას (თურქეთი) გამოუშვებენ...
No comments:
Post a Comment