Friday, July 6, 2012

ამერიკა ჩინური საავტომობილო გადასახადებით უკმაყოფილოა


U.S. files WTO complaint against China over auto duties
6 ივლისი
ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ საჩივრით მიმართა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას, რომელშიც უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ჩინეთმა ამერიკაში წარმოებული ავტომობილები, ჯამში 3.3 მილიარდი დოლარით დაბეგრა.

ჩინეთმა შარშან, იმპორტირებულ ავტომობილებზე, დემპინგის საწინააღმდეგო და საკომპენსაციო გადასახადები შემოიღო, რომლითაც ამერიკიდან ექსპორტირებული დაახლოებით 93 000 ავტომობილი დაიბეგრა. ამერიკის მთავრობის განცხადებით, ამ გადასახადმა ყველაზე მეტად, „ჯენერალ მოტორსი“ და „კრაისლერი“ დააზარალა. ამის მიზეზად ჩინეთში იმ ფაქტს ასახელებენ, რომ ფინანსური კრიზისის დროს, ამ ორ კომპანიას, აშშ-ის მთავრობამ დახმარება აღმოუჩინა.
15-პროცენტიანი გადასახადით დაიბეგრა „ჯიპ ვრანგლერი“ და „ჯიპ გრანდ ჩეროკი“, „ჯენერალ მოტორსის“ „ბიუიკ ენკლავი“ და „კადილაკ CTS“ კი 21.8 პროცენტით დაბეგრეს. ჩინეთის მთავრობის ამგვარმა მიდგომამ, სხვა ქვეყნების საავტომობილო კომპანიებიც დააზარალა. მათ შორისაა ამერიკაში გამოშვებული „აკურა TL“, რომელიც 4.1-პროცენტიანი გადასახადით დაიტვირთა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, აშშ-ის საჩივარი მაშინ გაიგზავნა, როდესაც პრეზიდენტი ბარაკ ობამა, თავისი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შტატ ოჰაიოს ესტუმრა. ამ შტატში რამდენიმე საავტომობილო ქარხანა მდებარეობს, რომლებმაც ჩინეთის მთავრობის პოლიტიკის გამო იზარალეს. ამ სვლით, ობამას შტატის მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვება სურს.
რა თქმა უნდა, შექმნილი სიტუაცია თავის სასარგებლოდ გამოიყენა პრეზიდენტობის კანდიდატმა მიტ რომნიმ, ვინც განაცხადა, რომ „ამერიკას სჭირდება ლიდერი, რომელიც ჩინეთს მკაცრად მოსთხოვს წესების დაცვით თამაშს და არა ისეთი, რომელიც ყოველ თავის ქმედებას ფრთხილად გეგმავს და თავისი ვადის ბოლო თვეებს, ავტობუსით იმ შტატებში ვოიაჟში ატარებს, რომლებსაც საკუთარი არჩევანი ჯერ გაურკვეველი აქვთ“.
უკვე ორი წელია, ჩინეთი მსოფლიოს უდიდესი საავტომობილო ბაზარი გახდა. მაისში, ქვეყანაში გაყიდული ავტომობილების რაოდენობამ 1.28 მილიონს მიაღწია, რაც 22.6 პროცენტით მეტია წინა წლის მაისი გაყიდული ავტომობილების რიცხვზე. ქვეყანაში გაყიდული ავტომობილების რაოდენობით კი ლიდერობას „ჯენერალ მოტორსი“ ინარჩუნებს.

No comments:

Post a Comment