Friday, July 6, 2012

„ლოლა დრეისონის“ ელექტრული პროტოტიპის რეკორდი გუდვუდში (ვიდეო)

Lola-Drayson EV Le Mans Prototype Breaks Record at Goodwood
6 ივლისი
ამ ფოტოს დანახვაზე, ალბათ ერთ-ერთი პირველი, რაც მოგინდათ, ამ სარბოლი ავტომობილის ხმის გაგონებაა. ბოლიდების გრუზუნი ხომ ერთ-ერთი იმ ფაქტორთაგანია, რომელიც ავტოდრომების ტრიბუნაზე უამრავ ადამიანს იზიდავს. მაგალითად, ლე მანის 24-საათიან რბოლას ახლახანს 240 000 მაყურებელი დაესწრო...

მაგრამ ამ მანქანისგან ვერაფერს გაიგებთ. უფრო სწორედ, გაიგებთ, მაგრამ ეს არ იქნება V8, ან V10 ძრავის ღრიალი. მის ნაცვლად, თქვენს ყურებს უჩვეულო შრიალი „მოეფერება“. ამ ხმას სარბოლი პროტოტიპის მიერ გაჭრილი ჰაერი და საბურავების გზის საფართან ხახუნი გამოსცემს. ძრავი კი ჩუმადაა, რადგან ის ბენზინზე კი არა, ელექტროენერგიაზე მუშაობს.
სარბოლი გუნდი „დრეისონ რეისინგი“ ყოფილი ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, ამჟამად კი მოყვარული მრბოლის, ბრიტანელ ბარონ პოლ რუდ დრეისონის მიერაა შექმნილი და ლე მანის რბოლაშიც ყოველთვის ასპარეზობს, სადაც ბოლო ხანს მისი პარტნიორი, სარბოლი ავტომობილების მწარმოებელი კომპანია „ლოლაა“. ახლახანს, „დრეისონმა“ „ლოლასთან“ ერთად, ამ უკანასკნელის მიერ შექმნილ შასიზე, სარბოლი პროტოტიპი დაამზადეს, რომელიც ჩვეულებრივი შიდაწვის ნაცვლად, ელექტრული ძრავით აღჭურვეს.
სარბოლი ელექტრომობილის სახელია B12/69EV და მან ახლახანს, გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე ისახელა თავი, სადაც აღმართზე რბოლაში, სიჩქარის რეკორდი დაამყარა. ელექტრულმა პროტოტიპმა 1.856-კილომეტრიანი აღმართი სულ რაღაც 53.53 წამში გაიარა. შედარებისთვის, ამავე მანძილის დასაძლევად, 60.18 წამი დასჭირდა ელექტრომობილ „ნისან ლიფ ნისმოს“, სპორტულ ელექტრომობილ „ტესლა როდსტერის“ დრო კი 58.77 წამი იყო.
ცნობისათვის, B12/69EV ოთხი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლებიც ჯამში პიკურად 850 ცხენის ძალას იძლევიან. ოთხივე ძრავი უკანა ბორბლებს ატრიალებს. მათი მეშვეობით, ავტომობილს ადგილიდან ასამდე აჩქარებისთვის 3 წამი ჰყოფნის, 160 კმ/სთ-მდე აჩქარებას კი 5.1 წამში ასწრებს. რაც შეეხება მაქსიმალური სიჩქარეს, ეს მაჩვენებელი 320 კმ/სთ-ს აღწევს... ამ მონსტრის აპეტიტის ენერგიით დაკმაყოფილებას, ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი ემსახურება, რომლის ტევადობა საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა სარბოლ რჟიმში 15 წუთი იმოძრაოს.



ვიდეო





ასევე წაიკითხეთ

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი

No comments:

Post a Comment