12 ივლისი
გავიდა რვა დღე მას შემდგ, რაც ტესტების დროს, მძიმე
ავარია მოუვიდა „მარუსიას“ ესპანელ ტესტ პილოტ მარია დე ვილოტას. ბრიტანულ-რუსული
საჯინიბოს განცხადებით, მძიმე ტრავმების მიუხედავად, მრბოლის მდგომარეობა
გაუმჯობესდა. ექიმები გაცილებით ოპტიმისტურ განცხადებებს აქვეყნებენ, თავად
ტრავმირებული კი ოჯახს გაესაუბრა.
ავარიის შემდეგ, ადენბრუკის ჰოსპიტალში დე ვილოტას
ორი ოპერაცია გაუკეთეს. ექიმებმა თანდათან შეამცირეს გამაყუჩებლების დოზა, კვირას
კი ის მართვადი კომატოზური მდგომარეობიდან გამოიყვანეს. ამჟამად მას გამაყუჩებლებს
აღარ უკეთებენ. რაც მთავარია, მრბოლი ნევროლოგიური განყოფილების სარეანიმაციო
პალატიდანაც გამოიყვანეს.
მართალია, ის ახლა მუდმივად ოჯახის წევრების
გარემოცვაშია, თუმცა ექიმები მას მუდმივად უტარებენ ტესტებს, რათა მისი
მდგომარეობის მუდმივად კონტროლი შესძლონ და ნებისმიერი გართულება გამორიცხონ.
დე ვილოტას ავარია მაშინ მოუვიდა, როდესაც დაქსფორდის
აეროპორტის ტერიტორიაზე, „მარუსიას“ ბოლიდს ტესტებს უტარებდა. ტესტების დროს, ის
მხოლოდ სწორზე მოძრაობდა, თუმცა გარემოებათა დამთხვევის გამო, მძიმე ავარიაში
მოყვა. ის გუნდის დამხმარე მანქანას
შეეჯახა, როდსაც ღია ბოქსში ბრუნდებოდა. სამწუხაროდ, მანქანა ისე იყო
გაჩერებული, რომ უკანა ნაწილი გზის სავალ ნაწილზე იყო გადმოშვერილი. თან ეს
გადმონაშვერი ზუსტად იმ სიმაღლეზე იყო, რა სიმაღლეზეც კოკპიტში მჯდარი მრბოლის
თავია. ავარიის შედეგად, დე ვილოტამ მარჯვენა თვალი დაკარგა...
მომხდარს
იკვლევს როგორც ბრიტანეთის პოლიცია, ასევე საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია (FIA).
მაგრამ რამდენადაც ტესტები FIA-ს
მიერ ოფიციალურად ორგანიზებული არ იყო და „მარუსია“ მას დამოუკიდებლად ატარებდა,
ფედერაციის გამოძიება ოფიციალურ სახეს არ ატარებს და მისი მიზანი, შემდგომში
მსგავსი შემთხვევების თავიდან არიდებაა. ამასთან, მიმდინარეობს პილოტის ჩაფხუტის
გამოკვლევა.
ასევე წაიკითხეთ (საინტერესოა)
No comments:
Post a Comment