Saturday, August 18, 2012

„ბეემვე ძაგატო“ - ამჯერად კონცეპტუალური როდსტერი

BMW and Zagato Get Together Again to Create a Striking Roadster Concept
18 აგვისტო
იტალიის ვილა დ’ესტეს ელეგანტურობის კონკურსზე წარდგენილ კონცეპტუალურ კუპე „ძაგატო კუპეზე“ მიღებული დადებითი გამოხმაურების შემდეგ, „ბეემვემ“ და იტალიურმა დიზაინ ატელიე „ძაგატომ“ ამ პროექტის გაგრძელება გადაწყვიტეს. და, პებლ ბიჩის (მონტერეი, კალიფორნია) ელეგანტურობის კონკურსზე, ამ კუპეს ღია ვერსია - როდსტერი წარადგინეს.
შეიძლება იფიქროთ, რომ „ბეემვეს“ მთავარმა დიზაინერმა ადრიან ფან ჰოოიდონკმა და „ძაგატომ“ უბრალოდ აიღეს და კუპეს სახურავი მოაცილეს. მითუმეტეს, ექვს კვირაში მანქანის საფუძვლიანი გადაკეთება წარმოუდგენლად ჩანდა. მაგრამ საქმე გაცილებით მეტი იყო: კუპეზე სახურავი მარტო სალონს არ ფარავდა, რის გამოც, მისმა მოცილებამ, მანქანის უკანა ნაწილის გადაკეთებაც მოითხოვა. ამასთან, სავარძლების უკან, მზიდ სტრუქტურას ორი დამცავი რკალი დაემატა. მოკლედ, თვენახევრისთვის ძალიან ბევრი საქმეა. რაც შეეხება ორი მანქანის დანარჩენ ნაწილებს, განსხვავება პრაქტიკულად არ შეინიშნება.
„ასეთ მოკლე ვადაში მანქანის შექმნა გვიჩვენებს, თუ რა შეუძლია ორი წარმატებული კომპანიის თანამშრომლობას. „ბეემვე“ მაღალი მიღწევების მქონე ავტოკომპანიაა, რომელსაც ამ სფეროში უზარმაზარი ცოდნა და შესაძლებლობები აქვს დაგროვილი. როდესაც ასეთ პარტნიორს, მცირესერიული ავტომობილების წარმოების ჩვენეულ გამოცდილებას უხამებ, ყველა წინაპირობა გაქვს იმისა, რომ ისეთი მშვენიერი მოდელი შექმნა, როგორიც „ბეემვე ძაგატო როდსტერია“ და ამისათვის ძალიან მცირე დრო დახარჯო“, - ამბობს ანდრეა ძაგატო.
იმის ნაცვლად, რომ როდსტერისთვის მყარი მოსახსნელი სახურავი გაეკეთებინათ, პარტნიორებმა რბილი სახურავი არჩიეს. შესაბამისად, ავტომობილს სახურავზე არ აქვს ორი კოპი, რაც „ძაგატოს“ საფირმო ნიშანია. „ძაგატოს“ მთავარი დიზაინერი ნორიჰიკო ჰარადა განსაკუთრებით სავარძლების უკან მოთავსებული დამცავი რკალებით ამაყობს. მისი აზრით, უსაფრთხოების ეს ელემენტები ავტომობილს ელეგანტურობასაც ანიჭებს და მას ადვილად ამოცნობადს ხდის.
წითელი კუპესგან განსხვავებით, როდსტერი ვერცხლისფრადაა შეღებილი. ბავარიელები განმარტავენ, რომ ეს ფერი შემთხვევით არ აურჩევიათ. მათი თქმით, ეს ფერი ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ავტომობილი თხევადი მეტალის ლაბადაშია გახვეული. ამასთან, მასზე დაცემული შუქის შესაბამისად, ავტომობილი შეიძლება ჩანდეს როგორც მუქი-რუხი, ასევე ღია-ვერცხლისფერი.
ალბათ არ გაგიკვირდბათ, თუ გაიგებთ, რომ როდსტერის კაბინა პრაქტიკულად არ განსხვავდება კუპესასგან. განსხვავება ფერებშია - თუ კუპე მუქ ფერებშია გაწყობილი, როდსტერზე ღია ყავისფერი ტყავითაა გაფორმებული, რომელთანაც შავი დტალებია შეხამებული.
ისევე როგორც კუპეს შემთხვევაში, „ბეემვე“ და „ძაგატო“ არაფერს ამბობენ როდსტერის აღჭურვილობის და მისი შესაძლებლობების შესახებ. როგორც ჩანს, ავტომობილი უძრავი შოუქარია და არა მოძრავი პროტოტიპი.
ჯერჯერობით არც ისაა ცნობილი, აპირებენ თუ არა ეს კომპანიები ამ ორი შესანიშნავი ავტომობილის წარმოებას...


ასევე წაიკითხეთ

”აუდი A9” - ჰიბრიდული სპორტული სედანის კონცეპცია


No comments:

Post a Comment