Sunday, September 2, 2012

გროჟანმა აღიარა, რომ ავარია მისი ბრალი იყო


Romain Grosjean accepts being banned for Spa start crash
2 სექტემბერი
ბელგიის დიდი პრიზის სტარტზე მომხდარ ავარიაში, რბოლის სტიუარდებმა ფრანგი რომენ გროჟანის ბრალი დააფიქსირეს და მას სამკაოდ მკაცრი განაჩენი გამოუტანეს - ერთი რბოლით დისკვალიფიკაცია და 50 000 ევრო ჯარიმა.

სასტარტო აჟიოტაჟში, გროჟანმა მეტისმეტად მკვეთრი მანევრი შეასრულა, რითაც ლუის ჰამილტონს ფაქტობრივად გზა ჩაუკეტა, რასაც მათი მანქანების შეჯახება მოჰყვა. მოსახვევის წინ, მაღალ სიჩქარეზე, კონტაქტმა ორივე მანქანა უმართავი გახადა. „ლოტუსი“ ჰაერში ააგდო და მან ჩემპიონატის ლიდერ ფერნანდო ალონსოს „ფერარის“ გადაუფრინა. თან, ცოტა დააკლდა, ესპანელის თავიც თან გაეყოლებინა.
მაგრამ ამით ინციდენტი არ ამოიწურა. ალონსოს ჰამილტონიც დაეჯახა. ამჯერად, დაჯახებამ ორივე მანქანა ააგდო ჰაერში და მათ სერხიო პერესის „ზაუბერს“ გადაუფრინა. პარალელურად, მათ პასტორ მალდონადოს „უილიამსიც“ დააზიანეს. ვენესუელელმა ფალს სტარტი აიღო და ამიტომ აღმოჩნდა მოწინავეთა შორის.
„ძალიან კარგი სტარტი ავიღე, მაგრამ შემდეგ შეჯახება ვიგრძენი. ეს რბოლის დასასრული იყო. ჩანაწერები არ მინახავს და როცა ვნახავ, მომხდარზე ზუსტი წარმოდგენა ამის მერე შემექმნება. მთავარი კი ისაა, რომ ყველა კარგად ვართ. ჩემთვის ეს ყველაზე მთავარია“, - რბოლის შემდეგ განაცხადა გროჟანმა.
„სტიუარდებმა მომხდარი წესების უხეშ დარღვევად მიიჩნიეს, რომელსაც სხვებისთვის ზიანის მიყენება შეეძლო. და ამ ინციდენტმა ჩემპიონატის ლიდერები ასპარეზობას გამოთიშა“, - ნათქვამია სტიუარდების განცხადებაში. „ლოტუსს“ მათი გადაწყვეტილება არ გაუპროტესტებია.
მოგვიანებით, გროჟანმა აღიარა, რომ შემთხვევა მისი მიზეზით მოხდა, თუმცა ისიც განაცხადა, იტალიის დიდ პრიზზე გამოსვლის აკრძალვა მეტისმეტი სიმკაცრე იყოო: „ადამიანისთვის, რომელსაც რბოლა უყვარს, ეს ძალიან მკაცრი სასჯელია. შეცდომას კი ვაღიარებ“. მანვე განაცხადა, რომ ჰამილტონის გზიდან გარიყვა არც უცდია და თავის გასამართლებლად, მოსახვევ ლა სურსის სირთულე დაასახელა.
„ჩემსა და ლუისს შორის არსებული მანძილი ვერ განვსაზღვრე. ძალიან გიჟური სტარტი იყო. ჯერ „ზაუბერმა“ ბოლი გაუშვა, შემდეგ „უილიამსმა“ ყველა უკან მოიტოვა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ლუისს გავასწარი, პატარა შეცდომამ კი დიდი ინციდენტი გამოიწვია. მოძრაობის ხაზი არ შემიცვლია, მარცხნიდან მარჯვნივ გადავინაცვლე. ფიქრადაც არ მომსვლია კედელზე ვინმეს მინარცხება. აქ იმისთვის არ ვარ, რომ რბოლებს პირველივე მოსახვევში გამოვეთიშო. ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო და მიხარია, რომ არავინ დაშავდა. და მაინც ვიტყვი, რომ ეს ძალიან, ძალიან მკაცრი სასჯელი იყო“, - განაცხადა გროჟანმა, ვინც ამ სეზონში უკვე მეხუთე რბოლის დასაწყისში მომხდარ ინციდენტში მოხვდა.


ასევე წაიკითხეთ:

ქართული ავტოსპორტი

http://autopanoramaf1.blogspot.com/search/label/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98 


ერთი-ერთზე ლე მანთან


40 წელი ინდი 500-ზე „მაკლარენის“ პირველი გამარჯვებიდან

No comments:

Post a Comment