Friday, October 12, 2012

„სმარტი ვარსკვლავებისთვის“ - მართლა ვარსკვლავებისთვის?


Smart Forstars at the Paris Motor Show
12 ოქტომბერი
კარგად დააკვირდთ ამ მანქანას. ალბათ იტყვით, რომ ის აშკარად არ დგას თავის ბორბლებზე, ან ბორბლები დიდი აქვს, ან რამე ასეთს. ალბათ გიკვირთ, რა შუაშია ვარსკვლავები? თან ალბათ არც მისი „ადამიანური“ თვალები მოგეწონათ და არც მყვირალა ფერი? ყველაფერი შესაძლებელია. მაგრამ ამ ყველაფრით, ეს პატარა ავტომობილი, პარიზის ვერსალის საგამოფენო კომპლექსში, მაინც უამრავ დამთვალიერებელს იზიდავდა.

კარგით, მარჩიელობა გვეყო და მწარმოებელს მოვუსმინოთ. ის გვეტყვის, რომ სიტყვა ვარსკვლავი ამ მანქანის სახელად (ჰო, მართლა, მას ფორსტარს ჰქვია), მისმა სახურავმა მოიტანა. გამჭვირვალე სახურავმა. ანუ, ჩაჯდებით მანქანაში და ამ სახურავის წყალობით, მაინც ღია ცის ქვეშ ხართ და თუ ღამეა, ვარსკვლავებსაც დაინახავთ. მოკლედ, ოთხბორბლიანი ობსერვატორიაააJ.
მაგრამ ავტომობილის უცნაურობა, მისი სახელით არ მთავრდება. ობსერვატორიის გარდა, ის მობილურ კინოთეატრადაც გამოდგება. არ გჯერათ? მაშინ, მიაყენეთ ნებისმიერ კედელთან, ჩართეთ ვიდეო პროექტორი (რად უნდა, მაგრამ ეკიპირებაში ისიც შედის) და უყურეთ თქვენთვის სასურველ ფილმს, თან სხვასაც აყურებინეთ... ჰო, მართლა, პროექტორი კაპოტში თუ ღრიჭო შენიშნეთ, სწორედ მანდაა მოთავსებული. რა სისულელეა...
რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ კონცეპტუალური ავტომობილისთვის განკუთვნილი ეშმაკობაა. „ფორსტარსს“ ბევრი კონცეპტუალური ზედმეტი რამ აქვს, განსაკუთრებით სალონში. მაგრამ მასში მთავარი ისაა, რომ მისი სახით, მწარმოებელი თავისი ავტომობილების მომავალ სტილს გვაცნობს.
ორადგილიან ჯუჯას მწარმოებელი SUC-კლასიფიკაციას (სპორტს უტილიტი კუპე) ანიჭებს. ამ განსაზღვრებაში სპორტს უტილიტი უგზოობის თვისებებზე მიგვანიშნებს, კუპე კი - სპორტულობაზე. ანუ, ეს შეიძლება იმის მინიშნება იყოს, რომ ამ ტიპის „სმარტს“ მალე სერიულადაც გამოუშვებენ...
„ფორსტარსის“ გაბარიტებია: სიგრძე 3550 მილიმეტრი, სიგანე 1710 მილიმეტრი და სიმაღლე 1505 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზა 2470 მილიმეტრამდე, წინა და უკანა ბორბლების კვალი კი 1475 მილიმეტრამდე გაიზარდა. მთლიანობაში, ახლანდელ „ფორთუსთან“ შედარებით, „ფორსტარსი“ გაბარიტებში დაახლოებით 30 პროცენტით გაიზარდა.
რა თქმა უნდა, „ფორსტარსი“ ელექტრომობილია. „რა თქმა უნდა“ - იმიტომ, რომ კონცეპტუალურ ავტომობილებს ახლა სწორედ ელექტრული, ან ჰიბრიდული ძალური დანადგარებით ამზადებენ. „გამწვანება“ თანამედროვე ავტოინდუსტრიის ისეთ ძლიერ ტრენდად ჩამოყალიბდა, რომ მისი არგათვალისწინება შეიძლება ნაკლადაც კი ჩაითვალოს. და ამ ტრენდს ძალიან ძლიერი არგუმენტები აქვს...
ძალური დანადგარი „ფორსტარსმა“ ბრაბუსის მიერ „ფორთუს“ ბაზაზე დამზადებული ელექტრომობილისგან მიღო. ამ დანადგარში შედის 17.6-კილოვატსაათიანი ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი, რომელიც ენერგიით მაგნეტო-ელექტრულ ძრავს ატრიალებს. ეს ძრავი მანქანის უკანა ღერძზე ზის და მასვე ამოძრავებს. თანაც, ელექტროძრავის სიმძლავრე 80 ცხენის ძალამდე გაიზარდა (მომენტი 135 ნიუტონმეტრამდე), რაც ამ პატარასთვის საკმარისზე მეტია.
თუმცა კონცეპტუალური ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე მაინც 130 კმ/სთ ნიშნულითაა შეზღუდული. ამის მიზეზი ისაა, რომ მაქსიმალური სიმძლავრით მუშაობისას, ძრავი ენერგიას გაძლიერებული ულუფებით მიირთმევს და შესაბამისად, სვლის სიშორეც (მასზე სმარტი ჯერ არაფერს ამბობს) კლებულობს. სამაგიეროდ, დიდი სიმძლავრე ქალაქში მოძრაობისას და გასწრების მანევრის დროს სწრაფი აჩქარების საშუალებას იძლევა, რაც მის უსაფრთხოებას და მანევრულობას აუმჯობესებს.

No comments:

Post a Comment