Sunday, October 21, 2012

„მაზდა“ მინი ავტომობილის გამოშვებაზე ფიქრობს

Mazda1 under study

21 ოქტომბერი
ბოლო რამდენიმე წელია, ბევრი ავტომწარმოებელი პატარა ავტომობილებს სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევს, რასაც ბევრი გარემოება განაპირობებს. და შესაძლოა, ასეთი კომპანიების სიას მალე „მაზდაც“ შეუერთდეს. ყოველ შემთხვევაში, იაპონური კომპანია ამ საკითხს განიხილავს და შესაძლოა, მალე მის გამაში ახალი ყველაზე პატარა ავტომობილი - „მაზდა1“ გამოჩნდეს.
მაგრამ თუ ასეთ ავტომობილს მწვანე შუქს აუნთებენ, ის ბაზარზე მალე მაინც ვერ მოხვდება - „მაზდას“ გლობალური გაყიდვების და მარკეტინგის გენერალური მენეჯერი იასუჰირო აოიამა ამბობს, რომ ავტომობილი, რომელიც „მაზდა2-ზე“ ერთი საფეხურით დაბლა დაიკავებს ადგილს, ბაზარზე ამ დეკადის ბოლოს თუ მოხვდება.
გავრცელებული ინფორმაციით, პატარა ავტომობილთან დაკავშირებით, „მაზდას“ ორი ვარიანტიდან აქვს ასარჩევი. გამოუშვას მცირეფასიანი ავტომობილი, რომლითაც „ტატა ნანოს“ გაუწევს კონკურენციას, თუ მიზანში „ფოლკსვაგენ Up!“ ამოიღოს, რომელიც უფრო მაღალ საფასო სეგმენტშია.
აოიამა კი ამბობს, რომ ახალი ავტომობილი, აუცილებლად დააკმაყოფილებს გამონაბოლქვზე ევროპის ახალ სტანდარტებს. ეს კი ნიშნავს, რომ ის „ტატა ნანოს“ საფასო სეგმენტში ვერ შევა. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ახალ ავტომობილს, სხვადასხვა ბაზრების შესაფერისი მოდიფიკაციები ჰქონდეს. ამ შემთხვევაში, მისი ევროპული ვერსია „ფოლკსვაგენის“ ჯუჯას კონკურენტი იქნება, განვითარებადი ქვეყნებისთვის განკუთვნილი კი - „ტატა ნანოს“ კონკურენტად მოგვევლინება...
გარდა ამისა, „მაზდა1-ის“ თვითღირებულების შესამცირებლად, იაპონური კომპანია მას ალბათ ისეთ ქვეყანაში გამოუშვებს, სადაც წარმოება იაფი ჯდება. მაგალითად, ინდონეზიაში. გარდა ამისა, „მაზდას“ შეუძლია, თავის ძველ მფლობელ „ფორდს“ მიმართოს, ან ახალ პარტნიორ „ფიატთან“ თანამშრომლობა გააღრმავოს.

No comments:

Post a Comment