Tuesday, October 16, 2012

„ფოლკსვაგენი“ საბიუჯეტო ბრენდს ქმნის

VW Wants to Launch New Global Budget Brand in 2014
16 ოქტომბერი
„ფოლკსვაგენმა“ გამოაცხადა, რომ წლის პირველ ცხრა თვეში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაყიდვების 9.7-პროცენტიან ზრდას მიაღწია. უფრო კონკრეტულად, ამ პერიოდში, ჯგუფმა უკვე 6.71 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა. შედარებისთვის, შარშანდლი მონაცემებით, 6.11 მილიონი ავტომობილი იყო გაყიდული.
„მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენი გაყიდვები გაიზარდა და ეს მეტწილად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე ჩრდილოეთ ამერიკასა და აზია-წყნარი ოკეანიის რეგიონებში გაყიდვების ზრდის მაღალმა ტემპმა განაპირობა“, - განაცხადა „ფოლკსვაგენის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა კრისტიან კლინგერმა, ვინც ჯგუფის გაყიდვების დივიზიონს ხელმძღვანელობს.
კლინგერის ნათქვამში არ ფიგურირებს დასავლეთ და სამხრეთ ევროპის რეგიონები და ეს მოსალოდნელი იყო, რადგან ევროპის ამ მხარეში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს. ასეთი ქვეყნებია იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი, ესპანეთი და პორტუგალია, ასევე ჩრდლოეთ ევროპის ერთი ქვეყანა - ირლანდია.
ამ ეტაპზე, თითქოს ევროპის უდიდეს ავტომწარმოებელს კრიზის არ შეხებია, თუმცა ვოლფსბურგელებმა ახლახანს გამოაცხადეს, რომ წლევანდელი გაყიდვების გეგმური პროგნოზი 140 000 ერთეულით შეამცირა. თუმცა, ეს ზღვაში წვეთია იმ კლებასთან შედარებით, რაც მის კონკურენტ კომპანიებს (განსაკუთრებით ფრანგულსა და იტალიურს) აქთ.
ყველაზე ცუდი ისაა, რომ საავტომობილო ანალიტიკოსები და ავტომწარმოებელი კომპანიების აღმასრულებლები აღიარებენ, რომ ევროპაში სიტუაცია ალბათ კიდევ ორი წელი არ გამოსწორდება. ამიტომ, „ფოლკსვაგენმა“ უკვე დაიწყო მზადება იმისათვის, რომ გაყიდვების დანაკარგები აანაზღაუროს. კერძოდ, იგეგმება სრულიად ახალი, საბიუჯეტო ბრენდის ამოქმედება, რომელიც მარტივ, დაბალფასიან ავტომობილებს გამოუშვებს. ეს ავტომობილები უკვე მოძველებულ, თუმცაღა მოდიფიცირებულ და ვარგის პლატფორმებზე აიგება. ასეთი პლატფორმები ჯერაც გამოყენებაშია და მათზე სრულიად კონკურენტუნარიან ავტომობილებს აწარმოებენ. სწორედ ამ ავტომობილების გაყიდვებით აღწევს გერმანული გიგანტი ბაზარზე წარმატებებს.
ბრიტანულ ჟურნალ „ქარ მეგზინის“ ინფორმაციით, ლაპარაკია „პოლოს“ და „გოლფის“ ძველ პლატფორმებზე, რომლებზეც სამი ტიპის ავტომობილებს - სედანებს, უნივერსალებს და მინივენებს გამოუშვებენ. ასეთი ავტომობილების ფასები კი შესაბამისად, 6 000, 7 000 და 8 000 ევრო იქნება.
სხვათა შორის, „ფოლკსვაგენი“ პირველი კომპანია არაა, რომელიც ამგვარ სტრატეგიას მიმართავს. მსგავსი სქემით, „რენომ“ რუმინული ბრენდი „დაჩია“ (რომელიც 1998 წელს შეისყიდა) აამოქმედა, რამაც სოლიდური მოგება მოუტანა. „დაჩია“ „რენოს“ წარმოების ისეთ მაკომპლექტებლებს იყენებს, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებს ნაკლებად შეეფერება, თუმცა ბაზრისთვის მისაღებია და რაც მთავარია, იაფი.
მაგალითად, „დაჩია ლოგანი“ მესამე თაობის „რენო კლიოზეა“ ბაზირებული. მისი წარმოება რუმინულმა კომპანიამ 2004 წელს დაიწყო და მაშინვე ძალიან პოპულარული გახდა. სხვათა შორის, ფრანგული კომპანია თავიდან ამ ავტომობილის დასავლეთ ევროპაში მცირე რაოდნბით შეტანას გეგმავდა. ის უფრო განვითარებადი ქვეყნებისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა მალე სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და „ლოგანების“ გაყიდვა დასავლეთშიც მასობრივად დაიწყეს.
მოკლედ, „ფოლკსვაგენმა“ უკვე გადაწყვიტა, რომ ფრანგული კომპანიის მიერ გატკეპნილი გზა გაიაროს. ამსიათვის, თავის ჯგუფს მე-13 კომპანიას დაუმატებს. ოღონდ, ეს არ მოხდბა რომელიმე გარე კომპანიის შეძენით. არაა გამორიცხული, რომ ამისათვის ვოლფსბურგში მარკა „ტრაბანტის“ აღდგენა გადაწყვიტონ - „დაჩიას“ მსგავსად, „ტრაბანტიც“ სოციალისტური ქვეყნების მარკა იყო, რომელიც გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მუშაობდა და იაფფასიან ავტომობილებს აწარმოებდა.
ახალი ბრენდის ბიუჯეტური ავტომობილების საბაზო კომპლექტაცია მაქსიმალურად მარტივი იქნება. მასში მხოლოდ წინა აირბალიშები შევა. დანარჩენს კი მყიდველი ინდივიდუალურად შეუკვეთავს. სამაგიეროდ, ბრიტანული გამოცემა ირწმუნება, რომ ავტომობილები, ევრო6 სტანდარტის შესაბამისი გამონაბოლქვის მქონე ძრავებით აღიჭურვება. ავტომობილებს მარტივი ფორმა ექნება, რათა შემცირდეს საჭირო სატვიფრი მოწყობილობის რიცხვი, რაც ფასს შეამცირებს.
იმავე „ქარ მეგზინის“ ინფორმაციით, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა. სავარაუდოდ, ამ პროექტისთვის მწვანე შუქის ანთების საკითხს ვოლფსბურგში წლის ბოლოს განიხილავენ. და თუ დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს, ახალი საბიუჯეტო კომპანია ბაზარზე 2014 წელზე ადრე მაინც არ გამოჩნდება.

No comments:

Post a Comment