Tuesday, October 16, 2012

„C-მაქსი“ და „გრანდ C-მაქსი“ 1.0-ლიტრიანი „ეკობუსტით“


Ford C-Max and Grand C-Max Gain 1.0 EcoBoost Engine
16 ოქტომბერი
„ფორდი“ თავის ნაქებ ტურბოკომპრესორიან 1.0-ლიტრიან „ეკობუსტ“ ძრავით უკვე ზორბა „მონდეოს“ აწარმოებს და ვისღა გაუკვირდება, რომ ამავე აგრეგატით, „ფოკუსზე“ ბაზირებული მინივენები - „C-მაქსი“ და „გრანდ C-მაქსი“ აღეჭურვა? მოკლედ, ამიერიდან მყიდველს ამ ავტომობილებს, სწორედ ყველაზე მცირელიტრაჟიანი „ეკობუსტითაც“ შესთავაზებენ.

ამ ძრავს, ფორსირების ორი ხარისხით გამოიყენებენ. ერთის სიმძლავრე 100 ცხენის ძალაა, მეორისა კი - 125. ამასთან, ორივეს ხარჯის და გამონაბოლქვის თითქმის ერთნაირი მონაცემები აქვს. პირველს ას კილომეტრზე 5.1 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის, მეორეს კი - 5.2 ლიტრი. რაც შეეხება გამონაბოლქვს, პირველი ყოველ კილომეტრზე ატმოსფეროს 117 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს, მეორე კი - 119 გრამით.
ახალი ძრავის გარდა, ცისფერმა ოვალმა ამ ორივე მოდელის ეკიპირებაც გაამრავალფეროვნა. ახალ კომპლექტაციას ზედსახელი „ტიტანიუმ X“ გამოარჩევს და მასში შესულია ისეთი ელემენტები, როგორიცაა პანორამული სახურავი, ნაწილობრივ ტყავით გაწყობილი წინა სავარძლები და 17-დუიმიანი ბორბლები.
პირველ რიგში, 1.0-ლიტრიანი „ეკობუსტით“ აღჭურვილ „C-მაქსს“ და „გრანდ C-მაქსს“ ბრიტანელ მყიდველს შესთავაზებენ. იქ „C-მაქსის“ სასტარტო ღირებულება 17 695 გირვანქა სტერლინგი იქნება, უფრო დიდი „გრანდ C-მაქსისა“ კი - 19 795 გირვანქა სტერლინგი.
აღსანიშნავია, რომ 1.0-ლიტრიანი „ეკობუსტი“ ევროპაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. რაც მისი წარმოება დაიწყო, მას შემდეგ გაყიდული „ფოკუსების“ 25 პროცენტი სწორედ ამ ძრავითაა აღჭურვილი. „ფორდი“ ვარაუდობს, რომ „C-მაქსის“ და „გრანდ C-მაქსის“ შემთხვევაშიც, ასეთი პროპორციები იქნება.

No comments:

Post a Comment