Tuesday, October 16, 2012

ჰამილტონი აღიარებს, რომ მოლაპარაკება „ფერარისთანაც“ ჰქონდა

Hamilton admits Ferrari talks
16 ოქტომბერი

ლუის ჰამილტონი აღიარებს, რომ მისი მენეჯერი მოლაპარაკებას „ფერარისთანაც“ აწარმოებდა. „მაკლარენში“ ექვსწლიანი გამოსვლების შემდეგ, მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონი „მერსედესში“ გადადის, სადაც ის მიხაელ შუმახერს შეცვლის. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი კი ფ1-ში თავის კარიერას დაასრულებს.

სანამ გერმანულ გუნდში თავისი გადასვლის შესახებ გამოაცხადებდა, ჰამილტონის გარშემო დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი. იყო ლაპარაკი იმაზეც, რომ შეაძლოა, ის სკუდერიაში ფელიპე მასას ადგილზე მიეწვიათ. თუმცა, ეს ყველაზე ნაკლებად სავარაუდო ვარიანტად მიიჩნეოდა. და როგორც ჩანს, სულ ტყუილად.
„ყველა მრბოლი ოცნებობს „ფერარის“ მანქანის მართვაზე. ეს ძალიან პრესტიჟული გუნდია, რომელსაც დიდი ისტორია აქვს და უამრავი ფანი ჰყავს. სხვა თუ არაფერი, ისინი ყოველთვის კონკურენტუნარიანი მანქანებს ამზადებენ. თუმცა, მე ბედნიერი ვარ იმით, რომ „მერსედესში“ გადავდივარ. ამასთან, „მაკლარენში“ შესანიშნავი წლები გავატარე. ვიცი, რომ ჩემი მენეჯერი „ფერარის“ ელაპარაკა. დიახ, ეს სიმართლეა. მაგრამ არც მინდა ვიცოდე, ისინი რაზე ლაპარაკობდნენ“, - ყვება ჰამილტონი.
ბრიტანელი აღიარებს, რომ სურს, მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა ფერნანდო ალონსომ, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში სებასტიან ფეტელს აჯობოს, რადგან თვლის, რომ ესპანელი დღეისათვის პელოტონში საუკეთესოა: „ჩემი აზრით, ფერნანდო საუკეთესო მრბოლია. ყველაზე სუფთა, მგრძნობიარე და ყველაზე სრულყოფილია. ის ქულებს მაშინაც აგროვებს, როდესაც საუკეთესო მანქანით არ ასპარეზობს. ფეტელის განკარგულებაში კი ამ წლებში ყოველთვის საუკეთესო მანქანაა. მისი დამარცხება ფერნანდოსთვისაც კი ძალიან ძნელია.
ამის პასუხად, ჰამილტონმა რეპორტიორისგან შეიტყო, რომ ესპანელი ფანები ახლა უკვე მასაც პატივს სცემენ. „მართლა?“, - იყო ჰამილტონის საპასუხო რეპლიკა. „სერიოზულად ამბობთ? თქვენ არ იცით, ამით რაოდენ გამახარეთ“...
შეგახსენებთ, რომ „მაკლარენში“ ერთად გატარებული 2007 წლის სეზონის შემდეგ, რომელიც ჰამილტონისთვის სადებიუტო იყო, ორივემ ერთნაირი ქულები დააგროვა და ისინი თითო ქულით ჩამორჩნენ კიმი რაიკონენს. მაშინ ესპანელმა ბრიტანული გუნდი სკანდალით დატოვა, რის შემდეგაც, ესპანელმა ფანებმა ჰამილტონი აითვალწუნეს.

No comments:

Post a Comment