Tuesday, October 16, 2012

ფელიპე მასა „ფერარიში“ დარჩა


Ferrari hands Felipe Massa one-year contract extension
16 ოქტომბერი
როგორც მოსალოდნელი იყო, ფელიპე მასა მომავალ სეზონსაც „ფერარიში“ გაატარებს. ამის შესახებ, მარანელოელთა შეფმა სტეფანო დომენიკალიმ კორეული რბოლის შემდეგვე გვაუწყა. მართალია, მაშინ კონტრაქტი ჯერაც გაუფორმებელი იყო, მაგრამ დომენიკალიმ პირობა დადო, რომ ინდურ ეტაპამდე, ყველა ფორმალობა მოგვარდებოდა და მასასა ოფიციალურად გაუფორმებდნენ კონტრაქტს.

ასეც მოხდა, დღეს სკუდერიამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ბრაზილიელი ფერნანდო ალონსოს პარტნიორობას მომავალ სეზონშიც გაუწევს. იტალიური საჯინიბოს ამ გადაწყვეტილებაზე კი, აშკარად იმ ფაქტმა იმოქმედა, რომ მასამ ზედიზედ ორი რბოლა - იაპონიის და კორეის დიდი პრიზები, უმაღლეს დონეზე ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ იაპონურ ეტაპამდე, მასა ბოლოს კვარცხლბეკზე ორი წლის წინ იყო ასული. და ბუნებრივია, მარანელოელებს უკვე ეჭვიც კი ეპარებოდათ ამ ადამიანის შესაძლებლობებში. განსაკუთრებით ცუდად მასამ ამ სეზონის პირველი ნახევარი ჩაატარა. ეს კიდვ რბილად ნათქვამია - მისი შედეგები, მითუმეტეს ალონსოს ფონზე, რომელიც ჩემპიონატს სათავეში ჩაუდგა, უსუსურად გამოიყურებოდა.
შეგახსენებთ, რომ მასა „ფერარიში“ 2006 წლის სეზონიდანაა და ამ დროის განმავლობაში, მხოლოდ 11 გამარჯვება აქვს მოპოვებული. თუმცა, 2008 წელს ჩემპიონობისთვის იბრძოლა და ლუის ჰამილტონთან მხოლოდ ერთი ქულა დათმო, ისიც ბოლო ეტაპის (ბრაზილია) ბოლო მოსახვევში... არადა, სანამ იმ მოსახვევში ჰამილტონი ტიმო გლოკს გაასწრებდა, მასა, ვისაც რვოლა უკვე დამთავრებული ჰქონდა, უკვე ტიტულს ზეიმობდა...
მომდვნ სეზონის უნგრული ეტაპის კვალიფიკაცია კი მისთვის კინაღამ ფატალური გამოდგა. მის წინ მიმავალი რუბენს ბარიკელოს „ბრაუნს“ სტაბილიზატორის ზამბარა მოსძვრა, რომელიც უზარმაზარი სიჩქარით, მასას მუზარადში მოხვდა. ზამბარამ მუზარადის სტრუქტურა დააზიანა და ბრაზილიელ პილოტს თავის ქალის მძიმე ტრავმა მიაყენა...
მართალია, კორეაში მასამ მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავა (მესამეზე გასულ ალონსოს 7 წამით ჩამორჩა), მაგრამ ნარბოლევს განაცხადა, რომ მის კარიერაში ხანგრძლივი კრიზისული პერიოდი დასრულებულია:
„ვგრძნობ, რომ კარგ ფორმაში შევედი. მანქანას ავტომატურად ვმართავ და ეს ისაა, რაც ამ პერიოდში მაკლდა. ასე რომ, ძალიან კარგ ხასიათზე ვარ. კარგია, როცა ყველაფერს თავს უყრი. როცა ამას ახერხებ, მანქანაში უნდა ჩაჯდე და მისი მართვით სიამოვნება მიიღო. როცა ასე არაა, თუნდაც საუკეთესო მანქანას მართავდე, კარგ შედეგს ვერ მიაღწევ. მოკლედ, ახლა ყველაფერი გაცილებით უკეთაა, ვიდრე ცოტა ხნის წინ“.

No comments:

Post a Comment